თურქეთის ნაკრებს გუშინ ღია ვარჯიში ჰქონდა, დღეს დახურა
თურქეთის ნაკრებს გუშინ ღია ვარჯიში ჰქონდა, დღეს დახურა
02.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის შეკრება დაიწყო თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმაც. ჩვენი გუნდის პირველი მოწინააღმდეგე, როგორც უკვე ვიუწყებოდით, 1 სექტემბრიდან სტამბოლოს გარეუბანში, რივაში, ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და გუშინვე, თბილისის დროით, 19:00 საათზე პირველად ივარჯიშა. სავარჯიშო პროცესის 15 წუთი მედიისთვის ღია იყო. შესაბამისად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ თურქეთის ნაკრების იტალიელი მწვრთნელის მიერ გამოძახებული 28 ფეხბურთელიდან, პირველ ვარჯიშზე გუნდს აკლდა რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის გუნდი კაპიტანი ჰაქან ჩალჰანოლუ და მერიჰ დემირალი.


ჩვენი კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებელი პროგრამით ვარჯიშობდა იუსუფ აქჩიჩექიც. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ხსენებული ფეხბურთელები უკვე დღეიდან, 2 სექტემბრიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებენ. დღეს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ტურის მეტოქემ, მსუბუქად ივარჯიშა და აქცენტი ფიზიკურ მომზადებას დაუთმო.


თურქეთის ნაკრების დღევანდელი ვარჯიში მედიისთვის დახურულია. ხვალ კი, თბილისში გამომგზავრებამდე, ვინჩენცო მონტელას გუნდი, 4 სექტემბრის მატამდე, კვლავ რივაში ივარჯიშებს. მედიისთვის 15 წუთი კვლავ ღია იქნება. ამის შემდეგ კი, თურქეთის ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით და დიდი ალბათობით, წინასწარ დაანონსებული 28-კაციანი განაცხადიდან, იმ 18-21 ფეხბურთელის შემადგენლობით გამოემგზავრებიან, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი უშუალოდ თამაშის განაცხადში შეიყვანს.


მეკარეები: ალთაი ბაინდირი („მაჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ბერქე ოზერი („LOSC ლილი", საფრანგეთი), მერთ გუნოქი („ბეშიქთაში", თურქეთი), უგურჯან ჩაქირი („თრაბზონსფორი", თურქეთი); მცველები: აბდულქერიმ ბარდაქჩი („გალათასარაი", თურქეთი), ჩაალარ სოიუნჯუ („ფენერბაჰჩე", თურქეთი), ერენ ელმალი („გალათასარაი", თურქეთი), ფერდი ქადიოლუ („ბრაიტონი", ინგლისი), მერიჰ დემირალი („ალ-აჰლი", საუდის არაბეთი), მერთ მიულდიური („ფენერბაჰჩე", თურქეთი), სამეთ აქაიდინ („რიზესფორი", თურქეთი), იუსუფ აქჩიჩექ („ფენერბაჰჩე" , თურქეთი), ზექი ჩელიქი  („რომა", იტალია); ნახევარმცველები:  აირონ აიგენ ჩანქი („ბეშიქთაში", თურქეთი), ჰაქან ჩალჰანოლუ („ინტერი", იტალია), ისმაილ იუქსექი („ფენერბაჰჩე", თურქეთი), ქაან აიჰანი („გალათასარაი", თურქეთი), ორქუნ ქიოქჩუ  („ბეშიქთაში", თურქეთი), სალიც ოზჯან  („ბორუსია დორტმუნდი", გერმანია); თავდამსხმელები: არდა გიულერი („რეალი მადრიდი", ესპანეთი), ბარიშ ალფერ ილმაზი („გალათასარაი", თურქეთი),  ჯან უზუნი („აინტრახტი", ფრანკფურტი, გერმანია), დენიზ გიული („პორტო", პორტუგალია), ირფან ჯან ქაჰვეჯი („ფენერბაჰჩე", თურქეთი), ქენან ილდიზ („იუვენტუსი", იტალია), ქერემ აქთიურქოლუ („ბენფიკა", პორტუგალია), ოუზ აიდინ („ფენერბაჰჩე", თურქეთი), იუნუს აქგიუნი („გალათასარაი", თურქეთი).


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ ტურში თურქეთი, ქონიაში, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.



ფოტო: (c) Anadolu Ajensı / Burak Yilmaz