
დღეს, ანკარის დროით 18:00 საათზე, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მომავალი, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის პირველად ივარჯიშა. ახალი შესარჩევი ციკლის პირველი ვარჯიში მედიისთვის 15 წუთი ღია იყო. ვინაიდან მედიისა და გუნდის „დამოკიდებულებზე" ჩამოვარდა ლაპარაკი, გეტყვით, რომ ხვალ, ჩვენი მომავალი მეტოქე, დახურულ კარს მიღმა ივარჯიშებს. 3 სექტემბერს კი, დილით კვლავ, 15 წუთი გახსნის მედიისთვის კარს, ვარჯიშის შემდეგ კი, თბილისისკენ, ჩარტერული რეისით აიღებს გეზს. ამ მომენტისთვის კვლავ ძალაში რჩება ცნობა, რომ თბილისში, „დინამო არენაზე" გუნდი „შემოივლის", მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი (ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო ანონსი) მედიის კითხვებს, უშუალოდ შეჯიბრის ადგილას, „დინამო არენის" მედია სივრცეში უპასუხებს.
დასანანია მხოლოდ რომ გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართული მედიის წარმომადგენლები ისევ ვერ მოვახერხებთ, მოწინააღმდეგე გუნდის ვარჯიშზე კუთვნილი 15 წუთის მიღებას, მაშინ როცა, ჩვენი კოლეგებისთვის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნიდან, დიდი ალბათობით, პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთი ღია იქნება. თუმცა, ჩვენ მოვიგოთ და სულა არ გვინდა მოწინააღმდეგე გუნდის 15 წუთიანი „აერობიკის" თვალის დევნება - სხვას ამ დროში ვერ ასწრებ რომ გადაიღო.
თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმაც, საქართველოს ნაკრების მსგავსად, დღეს დაიწყო შეკრება (იხილეთ ბმული). გუნდს, სექტემბრის ფანჯარაში, ჯერ თბილისში, ვილი სანიოლის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ კი, თურქეთში, ქონიაში მოუწევს ესპანეთის ნაკრების მასპინძლობა.
Hasan Doğan National Team Camp-ში, სადაც ჩვენი 4 სექტემბრის მოწინააღმდეგეს 28 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ ეთემ ჰაჯიოსმანოლი შეხვდა და ტურნირის დაწყება მოულოცა.
ფოტო: თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია