ქალთა ლიგის ლიდერი „ნიკე-ლუსო“ თურქულ შეკრებაზე „ფენერის“ ქალთა გუნდს ეთამაშა
ქალთა ლიგის ლიდერი „ნიკე-ლუსო“ თურქულ შეკრებაზე „ფენერის“ ქალთა გუნდს ეთამაშა
31.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგა 13 სექტემბრიდან განახლდება. საჩემპიონო რბოლაში კი, ოთხი კლუბი „ნიკე-ლუსო", „ლანჩხუთი", „კვარტალი" და „ელიტა" ჩაერთვებიან. სამი თბილისური და ერთი ლანჩხუთის გუნდი, ზედა ჯგუფში 6-6 თამაშს გამართავენ. დებულების მიხედვით, გათამაშების ამ ეტაპზე, გუნდებს, რეგულარულ ჩემპიონატში, ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული მაჩვენებლები გადმოჰყვათ. ამ მომენტისთვის „ზედა ჯგუფში", სატურნირო ცხრილს, 16 ქულით „ნიკე-ლუსო" ლიდერობს, 3 ქულით ნაკლები, 13 ქულა აქვს, ქალთა ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს და მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს", რომელმაც გუშინ, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე სამწუხაროდ, დაასრულა ასპარეზობა.


რაც შეეხება „ნიკე-ლუსოს", გუნდი თურქეთში, კერძოდ სტამბოლში იმყოფება შეკრებაზე, სადაც ამხანაგურ მატჩებს არც მეტი, არც ნაკრები თურქეთის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კლუბის, „ფენერბაჰჩეს" ქალთა გუნდის წინააღმდეგ მართავს.  პირველი შეხვედრა გუშინ, 30 აგვისტოს ჩატარდა და მასპინძლების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 51-ე წუთზე ეჯე თურქოლუს შორეული დარტყმით გაიხსნა. 66-ე წუთზე „ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელებმა, მორიგ ჯერზე გაისროლეს შორიდან, ამჯერად ბურთი ხარიხას მოხვდა თუმცა, დამატებაზე  პირველების სწორედ მასპინძლები აღმოჩნდნენ და შესაბამისად აღარ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა.


საქართველოს ქალთა ლიგის ლიდერის შემადგენლობაში, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაბრუნდა, მათ შორის თამარ ტატუაშვილი და თურქი ლეგიონერი ზეჰრა ბორაზანჩი. ამ უკანასკნელმა 83 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, თავით გადაგზავნა ბურთი „ფენერბაჰჩეს" კარში და ანგარიში შეამცირა. ჯარიმა კი, თურქულმა გუნდმა, თეონა ბაქრაძესთან უხეში თამაშის გამო დაიმსახურეს.


მომდევნო, მეორე დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას, ქართული კლუბი, 5 სექტემბერს ჩაატარებს.


აქვე გეტყვით, რომ „ფენერბაჰჩემ" გასულ სეზონში თურქეთის ქალთა სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.


და ბოლოს, ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ თუკი ქართულ ქალთა კლუბებს, მომავალში მიეცემათ, საერთაშორისო სპარინგების „ფუფუნება", ამით, მხოლოდ ჩვენი ქალთა ფეხბურთი იხეირებს. ამ მხრივ კი, ჯერ-ჯერობით „ნიკე-ლუსო" გამონაკლისია.