
საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები 7 და 9 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. ვასილ მაისურაძის გუნდი თამაშებს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
მიუხედავად, იმისა, რომ ახალგაზრდული ნაკრების მსგავსად, თითქმის სრულად შეიცვალა 19-წლამდეთ ნაკრები, ქართული მედიის ყურადღება რამდენიმე დღეა გერმანიაში დაბადებულ ჯამალ კაიშვილისკენაა მიმართული. დღეს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ეროვნული ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი, მედიის კითხვებს პასუხობდა, კაიშვილის შესახებ სსფ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:
„არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მიზანია საქართველოში დავაბრუნოთ ყველა ფეხბურთელი ქართული ფესვებით. უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ნაკრებში წარმატებით მოთამაშე ფეხბურთელების. ეს სჭირდება ნაკრებს და ქვეყანას. ჯამალ კაიშვილთან დაკავშირებით დეტალებში არ შევალ. მან რთული პერიოდი გაიარა და გარკვეული პრობლემები აქვს საბუთებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. უახლოეს მომავალში საქართველოში პირველად ჩამოვა, რაც ძალიან მახარებს. ვეცდებით, რომ ნოემბერში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა, ამის გარანტია ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის, სექტემბერში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ევროპის შესარჩევი რაუნდის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც ხორვატიაში ჯგუფური ტურნირის ფორმატით ჩატარდება და რომლის დროსაც, ჩვენი გუნდი, ადგილობრივი ხორვატიის, სერბეთისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია), მათე ღაღვიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე დადეშქელიანი („კოლხეთი 1913", ფოთი );
მცველები: ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), ანრი ჭითანავა („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი" თბილისი), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი);
ნახევარმცველები: ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), რევაზ ნარმანია („იბერია 1999"), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი"), რეზი დანელია („დინამო თბილისი");
თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999"), ხალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი"), გიორგი ფერაძე („შტურმი" სართიჭალა), ჯამალ კაიშვილი („მიუნხენ 1860", გერმანია).