
ტრადიციულად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„შედეგი არ არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რისი მიღწევა გვინდა ამ თამაშებიდან, თურქეთი ითამაშებს ამბიციურად. ჩვენ ვთამაშობთ საქართველოში, ჩვენს სტადიონზე და გვინდა ვიყოთ დომინანტები. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთო დადებითი შედეგის მისაღწევად. სექტემბერი სანაკრებო თამაშებისთვის ყოველთვის რთულია რადგან ბევრმა ფეხბურთელმა შეიცვალა გუნდი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ კარგი თამაშის საჩვენებლად", - ამბობს ვილი სანიოლი.
ის, რომ სექტემბერი მძიმე იქნება, სანიოლმა დღეს, რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ახლად დაწყებულ საკლუბო თუ ევროტურნირებზე ძირითადად სათადარიგო სკამზე არიან, მაგალითად, სექტემბრის თამაშებისთვის გამოძახებული ფეხბურთელებიდან, თითქმის არ ეძლევა სათამაშო დრო ირაკლი აზაროვს, მეტ-ნაკლებად დიდ როს ატარებს მინდორზე ანრი მექვაბიშვილი, ანალოგიურ სიტუაციაში გიორგი ქოჩორაშვილი, საბა გოგლიჩიძე... მოკლედ, შორს აღარ წავალთ, რადგან დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე სანიოლმა, მხოლოდ ოთხ ფეხბურთელზე, აქედან სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის გამოძახებულთაგან ორზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩაკვე" არის ტრავმირებული აპრილიდან. რა თქმა უნდა ვწუხვართ, რადგან არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდში, მაგრამ ეს ის მოცემულობაა, რაც გვაქვს და რომელსაც ვერ შევცვლით. მას უნდა მივცეთ დრო, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს და არ ვიცი როდის დაბრუნდება ჩვენთან, ოქტომბერში, თუ ნოემბერში. ლაშა დვალი, ვერ იქნებოდა მზად ამ თამაშებისთვის, რადგან ახალ გუნდთან, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში. რა თქმა უნდა ვითარება „მამარდასთვის", ისევე როგოც „გუგეშასთვის" არაა სახარბიელო. ცუდია, როდესაც გუნდის, პირველი და მეორე მეკარეები სხედან სკამზე. მეკარეებისთვის მსგავსი მდგომარეობა, ბევრად რთულია და ვიდრე მოთამაშეებისთვის. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა ცუდად იქნება ჩვენი საქმე. ორი მეკარე გვიზის სკამზე, მაგრამ კლუბების შეცვლა და ამ მდგომარეობაში აღმოჩენა, მათი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან, ისინი ითამაშებენ, მე არ ვგულისხმობ წლებს. ლაპარაკი მაქვს თვეებზე, რის შემდეგაც ისინი თამაშს დაიწყებენ", - ამბობს სანიოლი.
ქართული გუნდის კიდევ ერთი პრობლემა დაცვის ხაზია. რამდენი მცველით ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებში? ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამ თემაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ერთადერთი რაზეც ვილიმ ყურადღება გაამახვილა, ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით იმ გარემოებას, რომ „ხვალ" შესაძლოა ნიკა კვეკვესკირის მსგავსად, სხვებმაც გადაწყვიტონ სათამაშო კარიერის დასრულება. სამაგიეროდ, ილაპარაკა ახალწვეულებზე, რომლებსაც თავად აკვირდებოდა ახალგაზრდულ ევროზე სლოვაკეთში. ამას გარდა, გამოარჩია, მაგალითად, „მეცის" რიგებში მოთამაშე ახალწვეულის, „აბუს" კარგი დისციპლინა „ლიონთან" საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში.
„ლომინაძის გამოძახებაზე ადრეც ვფიქრობდით, თუმცა ტრავმირებული იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ის 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. აბუაშვილმა საქართველო ადრეულ ასაკში დატოვა და „პორტუში" გადავიდა. შესაძლოა, საფეხბურთო კუთხით წარმატებული პერიოდი არ ჰქონდა, თუმცა, ახლა მეორე შანსი აქვს ევროპაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლოს არიან ეროვნულ ნაკრებთან. მაგალითად, გიორგი კვერნაძე. თუმცა, ამჯერად ამ ორ ფეხბურთელზე შევჩერდით. შესაძლოა, მომდევნო შეკრებაზე კვერნაძეც შემოგვიერთდეს. მთავარია, ახალგაზრდებმა მთავარ ნაკრებში თამაში დაიმსახურონ. გუნდში, ახალწვეულები ივნისშიც ვიხილეთ, მაგალითად ნიკა გაგნიძე, რომელმაც ასევე დაიმსახურა ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოძახება. მთავარ ნაკრებში გამოძახება, მხოლოდ დასაწყისია, რამაც უფრო დიდი მოტივაცია უნდა მისცეს თითოეულ ფეხბურთელს - ერთი, რომ კიდევ დაბრუნდნენ ეროვნულში და მეორე, მომავალში სასტარტო შემადგენლობაშიც დაიმკვიდრონ ადგილი", - ამბობს ვილი.
დასკვნის სახით, სანიოლმა ხაზი გაუსვა, რომ ის ენდობა თავის ფეხბურთელებს, სექტემბერშიც კი, როდესაც თამაში ყოველთვის რთულია. მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი ჯგუფის სასტარტო შეხვედრისთვის, ქართველთა მთავარი მწვრთნელის აზრით, შესაძლოა, თურქები, რომლებმაც საკლუბო ტურნირზე, არც თუ ურიგოდ იასპარეზეს, 4 სექტემბრის მატჩისთვისაც უკეთ არიან მომზადებული. გამომდინარე აქედან, სანიოლი აქცენტს ოქტომბრისა და ნოემბრის თამაშებზე აკეთებს, როდესაც მისი აზრით, ფეხბურთელები უფრო მეტად იქნებიან ტონუსში. ზოგადად, ვილი სანიოლის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ევროპაში ახლა „ხურდება" მისი ნაკრების მოთამაშეებმა საკმაოდ ბევრი ამხანაგური თამაში ჩაატარეს, რაც სასურველი სტარტისთვის, მით უმეტეს, საკუთრ კედლებში, საკმარისი უნდა იყოს.