
დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში", სანაკრებო შეკრების წინ, ქართულ მედიასთან ტრადიციულ შეხვედრამდე, 21-ე საუკუნეში, თუმცა, ამ დროისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორმა, ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა:
„აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა, ყველას ვუთხრა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. საფეხბურთო კარიერა დავასრულე და მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემგან გაგეგოთ. ცოტა მიჭირს საუბარი, ცოტას ვნერვიულობ, რადგან კარი ვნერვიულობ. პირველ რიგში მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ყველა მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას, თითოეულ თანამშრომელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური და რა თქმა უნდა, საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიმეღო. რთული გადაწყვეტილება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დგება დრო გადაწყვეტილების მისაღებად და ცხოვრებაში ახალი ფურცელი უნდა გადაშალო. მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს პატივისცემისთვის, ამ წარმატების მიზეზი თქვენც ხართ და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებს კიდევ უფრო დიდი წარმატება ელოდება", - ამბობს კვეკვესკირი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიული გოლი, თვქენი მონა-მორჩილისა და ქომაგების სექტორის წინ აღნიშნა.
„დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი „კვეკვე", იმიტომ გახდა, რომ ეს დაიმსახურა, დამთხვევების არ მჯერა. მადლობა „კვეკვე", რაც შენ გააკეთე ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის. მთელი გულით დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ყველა თვისებით, რაც გააჩნია, ძალიან მაგარი მწვრთნელი იქნება და მიხარია, რომ მას ამის სურვილი აქვს. ასევე მინდა ვისარგებლო და ზაზა ზამთარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო ამ საოცარი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოცდილებას, რომელიც „კვეკვეს" აქვს, ქართულ ფეხბურთს მოახმარს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
საქმე ისაა და ალბათ, დაკვირვებულ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ მოედანს მიღმა, სანაკრებო ცხოვრება, ქართველ ფეხბურთელებს, როგორც კაცებს, ასევე ქალებს საკმაოდ დატვირთული აქვთ. თამაშის პარალელურად სფფ-ს ინიციატივით, ფეხბურთელები სამწვრთნელო ლიცენზირებასაც ეუფლებიან. ნიკაც, იმ ფეხბურთელებს შორის არის, რომელმაც ამ პრივილეგიით ისარგებლა და ჩვენის მხრივ (გუნდთან ახლოს ყოფნის მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე), იმედს ვიტოვებთ, რომ „კვეკვე" სამწვრთნელო სარბიელზე, შესაძლოა უფრო წარმატებული იყოს, მას ამის სრული რესურსი აქვს. მანამდე კი, დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ „კვეკვე" ჩენი გუნდიდან შორს სულაც არ წავა და ის, მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. თუმცა, ამის შესახებ ნიკამ არა, ვილი სანიოლმა განაცხადა.
„კვეკვეს", „ყველაზე მეტად მინდა მადლობა გადავუხადო საბერძნეთთან გატანილი გოლისთვის, რადგან ამ გოლმა, მთლიანად შეცვალა ქვეყნის საფეხბურთო კურსი. მჯერა, „კვეკვე" ბევრს გააკეთებს მომავალში, როგორც მწვრთნელი. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ის, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და ამიტომ მივესალმებით მას სტაფში", - ამბობს ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის, ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად ნახევარმცველს, ეროვნულ ნაკრებში გატარებული 10 წლის მანძილზე, 62 მატჩი აქვს ჩატარებული. ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ფეხბურთელს გამართული ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „დინამო თბილისის" მაისურითაც. დიდი ალბათობით, „კვევეს" სწორედ, მისთვის მშობლიურ „დინამო არენაზე" გააცილებენ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე, ფედერაციის წარმომადგენლებს, ამის შესახებ, ოფიციალურად არაფერი განუცხადებიათ.