
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 13 სექტემბერს განახლდება. მანამდე ქართული კლუბები ქალთა ლიგისთვის მზადებას აგრძელებენ. მოგეხსენებათ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ვერ მოახერხა გასვლა, კარგი შანსი აქვს, უეფა-ს ახალ ტურნირზე გადაინაცვლოს. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლანჩხუთელთა" წარუმატებლობა, კონკრეტულ მომენტში ეროვნულ ჩემპიონატზე გამოცხადებულმა შესვენებამაც გამოიწვია - გუნდი, მარტივად ტონუსიდან ამოვარდნილია.
სამაგიეროდ, ტონუსის შენარჩუნებას ცდილობს წლევანდელი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „ნიკე-ლუსი". დღეს საღამოს კლუბმა, ქალთა ლიგის განახლებამდე, საწვრთნელი პროცესის, თურქული შეკრება დააანონსა. დღეს გამთენიისას „ნიკე-ლუსო" სტამბოლში გაემგზავრება, სადაც შეკრების ფარგლებში 30 აგვისტოსა და 5 სექტემბერს, ორ სპარინგს გამართავს „ფენერბაჰჩეს" ქალთა გუნდთან.
„შეხვედრის მიზანია გამოვცადოთ საკუთარი ძალები და მივიღოთ ახალი გამოცდილება. საინტერესო ვიზიტი გველოდება სტამბულში", წერს „ნიკე-ლუსოს" სოციალური გვერდი და იქვე დასძენს, რომ „ფენერისა" და „ნიკე-ლუსოს" შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია და ქალთა ფეხბურთის გულშემატკივარს, ვინც იმ მომენტში სტამბოლში იქნება, ყველას ელის.
ქსკ "ნიკე-ლუსოს" ფოტო