
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს, ქალთა შორის საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, კარგი შანსი ჰქონდა უეფა-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გასულიყო და ამით, უეფა-ს ახალი ტურნირის, ქალთა ევროპის თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გაენაღდებინა ადგილი. თუმცა, „ლანჩხუთმა" ვერც ეს მოახერხა და ვერც სამწუხაროდ, უკრაინულ „ვორსკლასთან" რევანში აიღო. უფრო მეტიც, გურულების გუნდი, დღესაც, იმავე ანგარიშით დამარცხდა, როგორც ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრისას მოხვდა. თუმცა, ამჯერად, თუკი, პირველ ჯერზე გვგქონდა საბაბი, მსაჯებისკენ ხელი გაგვეშვირა, დღეს, თურქმა მსაჯმა ჯანსუ თირიაქიმ ამოცანას თავი კარგად გაართვა.
რაც შეეხება „ლანჩხუთს", გუნდმა მხოლოდ პირველ ტაიმში, თამაშის დაწყებიდან დაახლოებით 8-10 წუთის შემდეგ, 20 წუთით მოახერხა ბურთის მეტ-ნაკლებად გაკონტროლება. ამავე პერიოდში ჰქონდა მომენტიც, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, საერთო ჯამში გუნდი, მისთვის უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა. ანგარიში, 28-ე წუთზე იანა კალინინამ გახსნა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეგვისრულა (52', 86'). რეალურად, ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, პირველი ტაიმი, მსგავს ანგარიშზე არ მიგვითითებდა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, 52-ე წუთზე კვლავ კალინინასა და 55-ე წუთზე ვიქტორია რადიონოვას მიერ გატანილი გოლების შემდეგ, „ლანჩხუთი" უბრალოდ, ფსიქოლოგიურად აირია. 71-ე წუთზე როკსალანა კრაჩვუკის გატანილმა გოლმა კი, რეალურად ამ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. „ლანჩხუთმა", პოლტავურ გუნდთან კვლავ 5-0 წააგო.
ის ვინც, საქართველოში ქალთა ფეხბურთს ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართული გუნდი, ტონუსში მყოფი გაემგზავრა - ქალთა ეროვნული პირველობის რეგულარული ჩემპიონატი, მხოლოდ ორი დღის დასრულებული იყო. ამჯერად კი, გიორგი ჩხეიძის გუნდი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს, საკონტროლო მატჩების გარეშე შეხვდა. მოსამზადებელი ციკლის პერიოდში, გუნდს, არც ერთი ამხანაგური არ ჰქონია... ალბათ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, კარგი იქნებოდა თუ, ასეთ დროს, გუნდისთვის სპარინგი დაიგეგმებოდა.
იყო კიდევ ერთი გარემოება - „ლანჩხუთმა" იცოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მათ კიდევ ერთი შანსი ეძლეოდათ, გადასულიყვნენ უეფა-ს ახალ ტურნირზე, მხოლოდ, იქ, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაეწყოთ. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, როცა ყველა საქმის მიყვანა, ბოლო წუთამდე გვიყვარს, არაა გამორიცხული, დღევანდელ მატჩში, ჩვენს გუნდზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა. ბუნებრივია, ამას, თავად „ვორსკლას" ფაქტორიც (პირველი წაგებული მატჩის კომპლექსი) დაემატა, ისევ ჩვენი, ქართული ხასიათიდან გამომდინარე და საბოლოოდ, დავმარცხდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურები ჩამოვყაროთ და 30 აგვისტოს ჩანიშნულ თამაშში, არ ვიბრძოლოთ. პირიქით, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ვსწავლობთ, შეცდომებზე. „ლანჩხუთიც", გვჯერა, დღევანდელი მარცხის შემდეგ, ოდნავ ამოისუნთქებს და მომდევნო შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც, ადგილობრივ, ლატვიურ „გინტრასა" და რუმინულ „ფარულ კონსტანტას" შორის გამარჯვებულს, G ჯგუფში მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, მეორე საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის მესამე ადგილოსანი გუნდი ავტომატურად უეფა-ს ახალ ტურნირზე გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, იგივე მისია აქვს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, კესო გაბელიას გუნდსაც. ყაზახური „ბიიკი" დღეს, პოლონურ „კატოვიცესთან" 0-2 დამარცხდა და A ჯგუფში, სლოვენიურ „მურასა" და სლოვაკურ „სპარტაკ მიავას" შორის დამარცხებულს შეხვდება. 1/2 ფინალში კი, გაბელიამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩატარა. შეგახსენებთ, რომ კესო, 40 წლისაა და ალბათ, მოქმედ ქართველ ფეხბურთელებს, როგორც გოგონებს ასე ბიჭებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფროსი და გამოცდილია.