ვიდრე სანაკრებო შემადგენლობას გავიგებთ...
ვიდრე სანაკრებო შემადგენლობას გავიგებთ...
26.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სექტემბრის შესარჩევი თამაშებისთვის შემადგენლობას დაასახელებს. ადრეც დავწერეთ და ახლაც განვმეორდებით, რომ სექტემბრის ფანჯრის წინ, ვილის, არჩევანში დიდი ფუფუნება არ ექნება - ახლად დაწყებული ჩემპიონატებისა და ქართველი ფეხბურთელებისთვის მცირე სათამაშო დროის გამო. თუმცა, ალბათ, ისევე, როგორც რამაზ სვანაძეს, რომელსაც ასევე ამ კვირაში მოუწევს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობის დასახელება და მიუხედავად იმისა, რომ მას, ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან განსხვავებით, კონტინგენტის შერჩევა ეროვნული ჩემპიონატიდან მოუწევს, ისიც დიდი საფიქრალის წინაშეა.


ასე, რომ უმოკლეს ვადაში და მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ამხანაგური მატჩის გარეშე, ჩვენს ეროვნულ  და ახალგაზრდულ ნაკრებებსს ურთულესი გამოცდის ჩაბარება უწევს.


ამასობაში, ევროპასა და აშშ-ში, სადაც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების პოტენციური კანდიდატები თამაშობენ, მორიგი (ზოგან სასტარტო) საფეხბურთო კვირა იყო. მოკლე მიმოხილვა დღეს გამართული შეხვედრებით დავიწყოთ.


ალბათ, ყველასთვის საინტერესო ინგლისის პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი იყო „ნიუკასლსა" და „ლივერპულს" შორის. რომელის ძირითად დროსაც 11 წუთი დაემატა და რეალურად 103 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ კი, ლივერპულელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩიც სათადარიგო სკამზე გაატარა.  მისმა გუნდმა კი, გამარჯვების გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, მე-6 წუთზე გაიტანა.


დღევანდელი დღის, 25 აგვისტოს სათამაშო დღე კი, ქართული ლეგიონისთვის სხვა პრემიერ ლიგაზე, აზერბაიჯანში დაიწყო. გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის  „ზირემ", ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გაბალაში, ადგილობრივ „გაბალასთან" 1-2 გაიმარჯვა. ქართველებმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. ვოლკოვმა სრული შეხვედრა ჩაატარა. პაპუნაშვილი კი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ალბათ, უფრო ამის გამო, ის 78-ე წუთზე შეცვალეს. ორი ტურის შემდეგ, ქართველების გუნდი 4 ქულით, მეოთხე ადგილზეა.


დღესვე, სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ", „ვერონას" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. საბა სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მას, სათამაშო დრო არ მისცემია.


24 აგვისტოს გამართული მატჩებიდან:

პოლონეთის ექსტრაკლასაში  ოთარ კაკაბაძის „კრაიოვამ" გასვლაზე, 0-0 ითამაშა „პიასტა გლივიცესთან". ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. „კაკაბას" გუნდი, 6 თამაშის შემდეგ, 11 ქულით და მე-3 ადგილზეა.


აშშ-ში, MLS-ის მორიგ ტურში, საბა ლობჟანიძის,  „ატლატნა იუნაიტედი"  - „ტორონტოს" დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით, 0-0 დაშორდა. ქართველმა მინდორზე 60 წუთი გაატარა.
„ლობჟანას" გუნდი,  აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში, ბოლოდან მეორე ადგილზეა.


პორტუგალიის ლიგაში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი", 3 ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, სატურნირო ცხრილის სათავეშია. მორიგ შეხვედრაში, გასვლაზე „სპორტინგმა", „ნასიონალი" 1-4 დაამარცხა.  „ქოჩორამ", სათადარიგოდან დაიწყო, თუმცა, 31-ე წუთზე ის მოედანზე შეიყვანეს. ამ შეხვედრაში, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა, მეორეში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.


გერმანიის ბუნდესლიგაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 86-ე წუთზე შეცვალეს. მისმა „ჰამბურგმა" კი, გასვლაზე „გლადბახთან" ფრედ, 0-0 ითამაშა.


იტალიის სერია B-ს გახსნით შეხვედრაში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" საშინაო კედლებში 2-0 დაამარცხა „აველინო". 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 75 წუთი გაატანა.


ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატში მარცხი განიცადა გიორგი გულიაშვილის „სარაევომ". ქართველის კლუბმა, დიდი ანგარიშით 5-1 წააგო „ბორაცი ბანიასთან" და 5 ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-8 ადგილზეა. თუმცა, ქართველის გუნდს, ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს გამართული.


რუმინეთის ჩემპიონატს, დამაჯერებლად ლიდერობს „უნივერსიტატია კრაიოვა", რომელმაც ამჯერად, საშინაო შეხვედრაში, ანგარიშით 2-0 დაამარცხა „პეტროლული". ეს თამაში, სასტარტოდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა ანრი მექვაბიშვილმა.


თურქეთის სუპერლიგაში გადაიდო „სამსუნსფორისა" და შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქასიმფაშას" შეხვედრა. თუმცა, ამ ტურში, აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართული რამდენიმე კლუბის თამაში გადაიდო - მიზეზი, მარტივი მისახვედრია. ევროტურნირების მთავარ ბადეში მოხვედრამდე, თურქულ კლუბებს, მხოლოდ ერთი თამაში აშორებთ. ასე, რომ ჩვენი მეზობლები, ვიდრე, სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე გადაერთვებიან, ახლა სრულად საკლუბო ფეხბურთში წინსვლაზე ზრუნავენ.


„მიხალოვცესთან" ფრედ, 1-1 ითამაშა გურამ კაშიას „სლოვანმა". საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდს, აშკარად არ აქვს კარგი პერიოდი. ქართველი კი, ამ გასვლით შეხვედრაში, სათადარიგო შემადგენლობაში იყო და ვლადიმირ ვაისს, მისთვის ამ ჯერზე, სათამაშო დრო არ მიუცია. თუმცა, დიდი ალბათობით, ვაისის ეს გადაწყვეტილება,  ევროტურნირებზე, „სლოვანის" საპასუხო შეხვედრას უფრო უკავშირდება.


სლოვაკეთის „ნაიკის ლიგის" მე-5 ტურში 30 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელიც მინდორზე 61-ე წუთზე შემოვიდა. ამ ტურში, ქართველის „ტრნავა", გასვლით შეხვედრაში, „კომარნოს" პირველი ტაიმის შემდგე, 1-3 ამარცხებდა. საბოლოოდ კი, „ტრნავამ" 1-4 მოიგო. 


ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-3 ტურში, „უტრეხტთან" გასვლით შეხვედრაში, 4-1 დამარცხდა ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 71-ე წუთზე შეცვალეს.


ერთი დღით ადრე, 23 აგვისტო თავი ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.


კვირის ყველაზე ემოციური შეხვედრა კი, ლიონში გაიმართა. სამი ქართველი, სამი გიორგი (მიქაუტაძე, წიტაიშვილი, აბუაშვილი), ორ გუნდში გადანაწილებული ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ. აქედან ორი, აბუაშვილი და მიქაუტაძე იმდენად ხშირად იყვნენ კვეთაში, რომ შეიძლება ითქვას, რეპორტაჟის კადრიდან არ გადიოდნენ. ჟორჟის ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, საიდანაც ერთში, სწორედ „აბუმ" შეუშალა ხელი. ფრანგული ლიგა 1, არ მალავს, რომ „წიტაიშვილის" სახით, მათ კიდევ ერთი ქართული ტალანტი იპოვეს. რაც შეეხევა აბუაშვილს, მას დებიუტი ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველების გოლების გარეშე დასრულდა შეხვედრა. „ლიონმა", რომელიც 2 ტურის შემდეგ, 6 ქულით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში, „მეცი" 3-0 დაამარცხა. ბომბარდირმა ბოლომდე ითამაშა, „წიტა" და „აბუ" კი ერთად, 62-ე წუთზე შეცვალეს.


საფრანგეთის ლიგა 2-ში, მეორე თამაშია მოედნიდან გოლის გარეშე არ გამოდის ზურიკო დავითაშვილი. ქართველის „სენტ ეტიენმა" ამჯერად გასვლაზე, „ბოლონი" დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კი, ჩვენმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. ქართველი 89-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი, 3 ტურის შემდეგ 7 ქულით, ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს.


გერმანიის ბუნდესლიგაში, „ჰაიდენჰაიმმა", 1-3 წააგო „ვოლფსბურგთან". ბუდუ ზივზივაძე ძირითადში იყო და ის, 71-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, დასანანია, რომ ქართველმა, ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. სანაკრებო შესვენებამდე, ეს მონაცემი ქართველისთვის არ უნდა იყოს სახარბიელო.


22 აგვისტოს თამაშებიდან ალბათ, უნდა გამოვყოთ, პსჟ-ს მატჩი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ, განაცხადში არ აღმოჩნდა. მედიაში გავრცელდა ცნობა, ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ - კერძოდ, „კვარამ" კუნთში დისკომფორტი იგრძნოო. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, შევეცადეთ, სანდო წყაროებთან ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაგვედგინა, თუმცა, ფეხბურთელისგან წყაროს ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, არც „ტრავმა" უნდა იყოს საგანგაშო, მითუმეტეს რომ სექტემბერში, როდესაც „ჩაკვე" არ გვეყოლება, ხვიჩას გარეშე დარჩენა, ძალზედ მტკივნეული იქნებოდა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კი, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი" გასვლაზე 2-1 „პროისენ მიუნსტერთან" დამარცხდა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.


თურქეთის სუპერლიგაში, ახალი გუნდის, „ქარაგიუმრუქის" შემადგენლობაში იყო ნიკა უგრეხელიძე, რომელსაც პოსტ-სარეაბილიტაციო პერიოდი ახალ გუნდში გასავლის შემდეგაც გაუხანგრძლივდა. ქართველი სათამაშოდ არ შესულა, მისმა გუნდმა კი, „გიოზთეფესთან" საშინაო შეხვედრა 0-2 წააგო.


გადაიდო გრაცის „შტურმისა" და „ტიროლის" შეხვედრა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ რაუნდში კატასტროფული მარცხის შემდეგ, გრაცელებმა ქვეყნის ჩემპიონატში ტაიმ-აუტი აიღეს და ახლა, „კიტეს" გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრისთვის და სასწაულისთვის ემზადება.


კვიპროსის ჩემპიონატში, საერთოდ არ იყო ლიმასოლის „არისის" განაცხადში არ იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც ევროტურნირების შესარჩევ მატჩებში 3 გოლი გაიტანა და ალბათ, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების ერთ-ერთი კანდიდატია. მის გარეშე კი, „არისმა", „აპოლონი" დაამარცხა 3-1.


ამ ეტაპზე სულ ეს იყო... წინ კი, საინტერესო ევროტურნირების კვირაა.