საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სადებიუტო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სადებიუტო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა
25.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი გუნდი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა, 20-25 აგვისტოს ჩათვლით უეფა-ს განვითარების თასზე ასპარეზობდა. ტურნირს ხორვატიამ უმასპინძლა.


საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საერთო ჯამში, სადებიუტო ტურნირზე სამი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, სამივეში დამარცხდა:


ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო 0-3

ხორვატია - საქართველო 4-0

საქართველო - ისრაელი 1-2


ქართული გუნდიდან ტურნირზე ერთადერთი გოლი ისრაელის 15-წლამდე გოგონათა ნაკრებთან მატჩში, 62-ე წუთზე სესილი მასხარაშვილმა გაიტანა.


15-წლამდე გოგონათა ნაკრებს სათავეში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთის" ფეხბურთელი, გამოცდილი ტატა მატვეევა უდგას, რომლისთვისაც ხორვატიაში გამართული ტურნირი, ასევე სადებიუტო იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, შედეგზე მეტად, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი, ყოველთვის ითხოვს ჩვენი ნაკრებებისგან, ახალი გუნდის შეთამაშება და უშუალოდ თამაშის პროცესში, მისი გაცნობა უფრო მნიშნელოვანი იყო. სხვათა შორის, ხორვატიაში ტურნირზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანიც იმყოფებოდა.  


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად, თვენახევრის წინ, სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. ხორვატიაში კი, მატვეევას გუნდი, 18 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა (იხილეთ ბმული).


და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ხორვატიიდან საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ტატა მატვეევა კი, ლიეტუვაში გადაფრინდა, სადაც ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს" შეუერთდა, რომელიც 27 აგვისტოს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალურ შეხვედრას გამართავს უკრაინული „ვორსკლას" წინააღმდეგ.