
შემოდგომის მოახლოება საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურმა და მსაჯების მიერ, ხუთ შეხვედრაში ნაჩვენებმა 33-მა ყვითელმა და 5-მა წითელმა ბარათმაც გვამცნო. ბუნებრივია, იქ, სადაც ფეხბურთელი „დასასჯელია", მსაჯმა ბარათიც უნდა გამოიყენოს. თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით და იმის, ფონზე, რომ დღეს, ქართული საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობაზე (უეფა-ს წევრი 55 ქვეყნიდან, ჩვენ 52-ე (!) ადგილზე ვართ) და ეროვნული ლიგის დაბალ დონეზე, უკვე დაიწყეს ლაპარაკი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მიზეზის ძებნა, თუ მიზეზების არა. შესაბამისად, მსაჯების 22-ე ტურში გამოჩენეილი „გულუხვობაც", ცოტა არ იყოს, უნდა გვაფიქრებდეს.
ფაქტია, რომ ჩემპიონატში (მათ შორის ასაკობრივებში), სადაც მსაჯები, ფეხბურთელებს, უბრალოდ, არ აძლევენ ფიზიკური ორთაბრძოლის საშუალებას, ან ამას ერთი გუნდის სასარგებლოდ აკეთებენ. ფიზიკური ორთაბრძოლა კი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მერე გვიკვირს, საერთაშორისო ტურნირებზე რატომ იბნევიან, კლუბებში და ასაკობრივ გუნდებში ფეხბურთელები, რატომ ეკამათებიან მსაჯებს, რატომ ითხოვენ სულ წესის დარღვევის დაფიქსირებასა და აღიარებას. ხშირ შემთხვევაში, ასაკობრივი სანაკრებოს დროს, განსაკუთრებით, ამის გამო, ნაკლული შემადგენლობითაც ვრჩებით (სულ ბოლოს, ევროტურნირებზე „იბერიას 1999"-ის მიერ ქრონიკულად მოთხოვნილი პენალტები გავიხსენოთ, შორს რომ არ წავიდეთ). მეორე საკითხი - გულშემატკივარი უბრალოდ, „სემიჩკის" აკნატუნებს და „ტუსოვკობს" სტადიონებზე (ბოლო კონფერენს ლიგის თამაშებზე, ქუთაისში, რამაზ შენგელია კი იყო სავსე, მაგრამ „ჯუნგლების" შეძახილის გარდა, სტადიონის ხმა არ გამიგია), შორს „ვერ გავფრინდები". ფაქტია და თუ, სიმართლეს ჩავხედავთ თვალებში, ევროტურნირებზე საკლუბოში და ასაკობრივებში სანაკრებოზე, ჩვენ, მინდორზე გყავს დაკომპლექსებული და მსაჯებზე „გაშინაურებული" მოთამაშეები.
ბუნებრივია, არც ამ სტატიაში, რომელიც უფრო ტურის მოკლე მიმოხილვა უნდა ყოფილიყო, ჩვენ მეტს აღარ ჩავუღრმავდებით ზემოთ ხსენებულ პრობლემას. იმედია, აღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებელი რგოლები, მედიის ზედმეტი ჩარევის გარეშეც მოაგვარებენ. თუმცა, კარგი იქნება, თუ ჯაბა კანკავას დონის ფეხბურთელებს, რომელიც ფეხბურთის თამაშს არიან შეჩვეული, ეროვნულ ლიგაში ცოტა უფრო მეტს დააფასებენ და ფეხბურთის თამაშის საშუალებას მისცემენ. ფაქტია, რომ ყველა მატჩის შემდეგ, კანკავას საქართველოში დაბრუნებიდან, გულშემატკივარი, საკუთარი ქალაქის გუნდის გარდა, სწორედ მის სანახავად მიდის. 22-ე ტურში კი, მსაჯის დაუდევრობის გამო, კანკავას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, თუკი, რა თქმა უნდა, მსაჯის გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება და გადაიხედება, თუმცა, ასეც და ისეც, პროცესი დროში გაიწელება და ჯაბას, ალბათ, სანაკრებომდე, ბოლო ტურის გამოტოვება მაინც მოუწევს, რომელსაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მოახლოებული სანაკრებო თამაშის გამო, „დინამო არენის" ნაცვლად, ისევ „მომთაბარესავით", ამჯერად პეტრო არენაზე ჩაატარებს.
22-ე ტური კი, რომელშიც, მხოლოდ 7 გოლი გავიდა, 23 აგვისტოს სამი შეხვედრით დაიწყო.
თელავში, „კავკასიონ არენაზე", ადგილობრივი „თელავისა" და „დინამო თბილისის" შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. თბილისელებს, რომლებსაც, მასპინძლების მსგავსად, შეიძლება ითქვას მეკარეები დიდად არ შეუწუხებიათ, 9 კაცით მოუხდათ თამაშის დამთავრება. ამას გარდა, მატჩის დროს 7 წუთი დაემატა, რომელიც საბოლოოდ 9 წუთამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, 79 (დამატებითი დროის ჩათვლით) წუთი, დინამოელებმა 10 კაცის, 20 წუთი კი, 9 ფეხბურთელით ითამაშეს. „თელავი" კი, რომლის ბირთვს „დინამო თბილსის აკადემიაში" აღზრდილი და თბილისელთაგან განათხოვრებული ფეხბურთელები წარმოადგენენ, ვერც ვერაფერს გახდა. ამ შეხვედრაში მსაჯმა 9 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა. „დინამო თბილისმა" 1 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილი შეინარჩუნა.
ფრედ, 0-0 დასრულდა მატჩი თბილისში, მიხეილ მესხზე, სადაც გათამაშების ლიდერმა „იბერია 1999"-მა, რომელიც 37-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით დარჩენილი ბათუმის „დინამოს" ეთამაშა, ვერ მოახერხა აჭარული კლუბის დამარცხება. ამ შეხვედრაში მსაჯებმა 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენეს.
24 აგვისტოს საბარათო რიტმს ვერ აყვნენ ქუთაისში. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ტორპედოსა" და „დილას" შორის, მსაჯებმა მხოლოდ პირველ ტაიმში და მხოლოდ, 3 ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს. სამქულიანი გოლი კი, 79-ე წუთზე, აბუბაქარ კონტემ გაიტანა. „დილამ" 0-1 მოიგო.
22-ე ტურის მეოთხე შეხვედრამ, ამ ტურში ნაჩვენები ბარათების ყველა რეკორდი მოხსნა - 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათის გამოყენება დასჭირდათ მსაჯებს. „გაგრასა" და „სამგურალის" დაპირისპირებაში ანგარიში, „ საბარათე შემოდგომამდე" , 28-ე წუთზე გაიხსნა, გოლი, რიჩმონდ ადეიეიემ გაიტანა. მე-60 წუთზე კი, კაცნაკლულ გაგრელთაგან, მორიგი გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. „გაგრამ" 2-0 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში.
ტურის ბოლო შეხვედრაშიც ვერ ავირიდეთ ფეხბურთელის გაძევება. თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „გარეჯისა" და ფოთის „კოლხეთი 1913"-ის მატჩში, რომელიც ფრედ, 2-2 დასრულდა, სტუმართა გუნდმა, მე-40 წუთიდან, 10 ფეხბურთელით ითამაშა. ამასთან ამ მომენტისთვის გარეჯი მე-9 წუთზე, ლევან პაპავას გატანილი გოლით იგებდნენ. აკაკი გიუნაშვილის გოლით, 52-ე წუთზე ფოთელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 73-ე წუთზე, ნიკა კაჭარავამ კიდევ ერთხელ გაიყვანა კახური გუნდი წინ, თუმცა, მალევე, 77-ე წუთზე, დიტო ფაჩულიამ 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. და რადგან დღეს ბარათების გარშემო ვტრიალებთ, გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში წითელის გარდა, 3 ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები.
მომავალი, 23-ე ტური, რომლის შემდეგაც სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, 29 და 30 აგვისტოს არის ჩანიშნული.
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.