კიტეს „შტურმი“ ნორვეგიულ „შტორმში“ მოჰყვა
კიტეს „შტურმი“ ნორვეგიულ „შტორმში“ მოჰყვა
21.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული საფეხბურთო ლეგიონის „ევროპული" კვირი უიღბლოდ დაიწყო. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ რაუნდში, „კაირათის" შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი ზარია, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბრატისლავაში „სლოვანის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს, ქართველს ხანგრძლივი დროც გაუცდება. ყაზახური გუნდის შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშო დრო არც ამ ჯერზე მისცემია ლუკა გადრანს, რომელიც უკვე დადასტურებულად, დეკემბრიდან კლუბს შეიცვლის და  ისრაელის „ბეითარში" გადაბარგდება. მანამდე კი, მისმა და ზარიას ამჟამინდელმა კლუბმა, „სელტიკ პარკზე", გასვლით შეხვედრაში ფრედ 0-0 ითამაშა. ასე, რომ ამ წყვილში ყველაფერი 26 აგვისტოს, ალმათიში გადაწყდება.


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მონაწილე კიდევ ერთი ქართველის, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტუმრს" კი, ახლა, სასწაული თუ უშველის. ავსტრიელებმა, ნორვეგიაში, Aspmyra არენაზე, ადგილობრივი „ბოდო გლიმტთან" დიდი ანგარიშით 5-0 წააგეს. რეალურად მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველი ტაიმის 25 წუთშივე გადაწყვიტეს, როდესაც სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. სტუმრები კი, ამ პერიოდში შეეცადნენ თამაშის გადარჩენას, ერთ მომენტში, მე-19 წუთზე გოლის გატანას „კიტეც" შეეცადა, ამის შემდეგ, მასპინძლები ხარიხამაც იხსნა, თუმცა, 25 წუთზე, როგორც აღვნიშნეთ, კვლავ „ბოდომ" გაიტანა და ამ შეხვედრის ბედიც, აქ გადაწყვიტა. მეორე ტაიმში ნორვეგიელებმა „შტუმრს" ტაიმის დაწყებიდან მალევე გაუტანეს, 79-ე წუთზე კი, გრაცელებმა, ავტოგოლით, რეალურად ვერდიქტი საკუთარ თავს გამოიტანეს. საპასუხო მატჩი, აქაც 26 აგვისტოს გაიმართება, გრაცში და „შტურმს" ურთულესი თამაში ელის საკუთარი ქომაგის წინაშე. რაც შეეხება კიტეიშვილს, ოთომ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 82-ე წუთზე შეცვალეს.


26 აგვისტომდე კი, ქართველებს ევროტურნირების, ამჯერად, უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის ფლეი-ოფები ელით უკვე დღეს, 21 აგვისტოს.


უეფა-ს ევროპა ლიგა

22:15 საათი / „სლოვანი" - „იანგ ბოიზი" / გურამ კაშია

22:45 საათი / „რიეკა" - „პაოკო" / ლუკა გუგეშაშვილი


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგა

21:00  საათი / „ჰამრუნი" - RFS / ლაშა ოდიშარია

21:45  საათი / „ბაშქშეჰირი" - „უნივესრიტატია კრაიოვა" / ანრი მექვაბიშვილი

22:00 საათი / „შახტარი" - „სერვეტე" / ირაკლი აზაროვი

22:15 საათი / „ლოზანა" - „ბეშიქთაში" / გაბრიელ სიგუა