საბოლოოდ, ცეცხლაძემ დადეშქელიანს აჯობა
საბოლოოდ, ცეცხლაძემ დადეშქელიანს აჯობა
20.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2025 წლის სეზონის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ამ ეტაპზე თამაშის უფლება დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „სპაერმა" დამატებით დროში, ფოთის „კოლხეთი 1913"-თან მოახერხა. შესაბამისად, მთავარი ტროფეისთვის ასპარეზობას ეროვნული ლიგა 2-ის ხუთი („მეშახტე", „ლოკომოტივი", „სპაერი", „რუსთავი", „სამტრედია")  და ეროვნული ლიგის სამი („იბერია 1999", „დინამო" ბათუმი და „დილა) წარმომადგენელი აგრძელებს.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის „სპაერისთვის" მოულოდნელად დაიწყო. მე-5 წუთზე, მასპინძელთა კარში სანდრო ავალიანმა გაიტანა. მომდევნო მოულოდნელობა კი, სტუმარი გუნდის 18 წლის მეკარე სანდრო დადეშქელიანი იყო, რომელმაც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ სასწაულები აკეთა და რომ არა, მეორე ტაიმში, „სპაერის" შემადგენლობაში შემოსული გიორგი ა. ცეცხლაძე, რომელმაც 11 მეტრიანი კი გააცუდა (უფრო ზუსტად დადეშქელიანმა აუღო), მაგრამ საერთო ჯამში პოკერი (73', 90'+1, 105', 109') შეასრულა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე ფოთელები იქნებოდნენ. მითუმეტეს, რომ მე-60 წუთზე ნიკა ცხოვრებაშვილის გატანილი გოლის შემდეგ (სხვათა შორის ამ ფეხბურთელს, ამ სტადიონზე უყვარს გოლების გატანა), „კოლხეთი 1913"-ი ორი ბურთით წინ იყო და მატჩის დასრულებამდეც ცოტა დრო რჩებოდა. თუმცა, შავი ზღვისპირა გუნდის დებიუტანტ მეკარეს, აშკარად შეხვედრის მიწურულს დაღლა დაეტყო და შეცდომების დაშვებაც დაიწყო.


1/8 ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. პირველ დამატებით ტაიმში კი, „სპაერმა" ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 4-2 გაიმარჯვა. შესაბამისად ის გახდა, მერვე კლუბი, რომელიც საქართველოს თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს.


საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალი კი, 23 სექტემბერს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ეს ეტაპიც, როგორც ყველა თასის გათამაშების ერთ-რაუნდიანია.


„მეშახტე" - „იბერია 1999"

„ლოკომოტივი" - „დინამო" ბათუმი

„სპაერი" - „დილა"

„რუსთავი" - „სამტრედია"