
რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის სექტემბრის თამაშებისთვის შემადგენლობას დაასახელებს. განსხვავებით, იმ შესარჩევი ციკლებისგან, რომლებიც მარტში იწყება ხოლმე, შემოდგომის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასაწყისი ყოველთვის მძიმეა ხოლმე, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთელები, ყოველ შემთხვევაში, მათი უმეტესობა, ფორმის „აკრეფას", სწორედ სექტემბრიდან იწყებს. ამრიგად, ჩვენი, თუმცა, ამ გადმოსახედიდან გამომდინარე და მოწინააღმდეგეთა სამწვრთნელო გუნდების საფიქრალიც, არაა მარტივი.
„ჩვენ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. შარშანდელიდან არაფერი შეცვლილა. ყოველთვის იქნება სირთულეები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა.
ჩვენ ვიცით, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, გაგვიჭირდება ჩვენც და სხვა გუნდებსაც, მაგრამ გვითამაშია ესპანეთთან და მოგვიგია კიდეც. ასე რომ ახლაც უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფში მეორე ადგილი არის ის, რის შესაძლებლობაც გვაქვს.
თურქეთი არის ფანტასტიკური გუნდი, სადაც არიან შესანიშნავი მოთამაშეები. თუმცა, სექტემბერში, როდესაც ამ გუნდს პირველად დავუპირისპირდებით, ჩვენ ვითამაშებთ ფანტასტიკური ფანების წინაშე და ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ ჯგუფი მეორე ადგილით დავასრულოთ", - ეს კომენტარი ვილი სანიოლმა მიმდინარე წლის 28 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
ამის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, თბილისში, ფარერის კუნძულებთან, რომელშიც მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა და მეორე ქუთაისში, სადაც კაბო-ვერდესთან ფრედ, 1-1 ითამაშა.
ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ იმ თამაშების დროს, საქართველოს 21-წალმდეთა ნაკრების მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო და რაც მთავრია, ამ ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების მოლაპარაკების შესაბამისად, კონკრეტულ მომენტში პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ეროვნულ ნაკრებს, ახალგაზრდულის ასაკის ბევრი მოთამაშე აკლდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, კვირის ბოლოს, ან მინიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, სანიოლის შემადგენლობაში ის ფეხბურთელებიც აღმოჩნდნენ, რომელთა ხილვასაც ეროვნულ ნაკრებში უკვე შეჩვეულნი ვართ.
ისე, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებითა და ეროვნული ლიგის, ზაფხულის შესვენების შემდეგ, განახლებული ჩემპიონატის თამაშებიდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა, ნაკრების შემადგენლობაში, „თელავისა" და 21-წლამდე ნაკრების მეკარის ლევან თანდილაშვილის ხილვა.
ამ ეტაპისთვის კი, ერთი რაც დანამდვილებით ყველამ ვიცით, ისაა, რომ სექტემბრის შეკრებაზე გუნდთან ერთად, ვერ იქნება გიორგი ჩაკვეტაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, თბილისში, „დინამო არენაზე" თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. 7 სექტემბერს კი, ამავე „დინამო არენაზე" 17:00 საათზე, ვილი სანიოლის გუნდი, ბულგარეთის ნაკრებს მიიღებს.
და ბოლოს გეტყვით, რომ ფიფა-ს მიერ, მიმდინარე წლის 10 ივლისს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგის 67-ე, ევროპაში კი, 30-ე ადგილზეა. ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, რეიტინგი ზუსტად ერთ თვეში, 2025 წლის 18 სექტემბერს განახლდება. ასე რომ, იმედს ვიტოვებთ, იმ დროისთვის, ოდნავ წინ ვიქნებით.