
18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური, სფფ-ის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივი „სამგურალისა" და „გარეჯის" შეხვედრით დასრულდა. სამდღიანი მარათონის ბოლო თამაშში, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, იმერელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვინისიუსმა, მე-60 წუთზე გაიტანა. მე-80 წუთზე კი, ლუკა ხორხელმა პენალტით უპირატესობა ორამდე გაზარდა. შესაძლოა, ბოლო წუთებში, „სამგურალმა" საქმე გაკეთებულად ჩათვალა, თუმცა, გიორგი გოგოლაშვილის (85') და ლევან პაპავას (88') გოლებით, რომლებიც სამწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა გაიტანეს, მასპინძლებმა 3 ქულა გაანიავეს. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
ამასობაში, სამგურალს „გაგრა" წამოეწია, რომელმაც ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე ბათუმის „დინამოს" დამარცხება დრამატულ დაპირისპირებაში მოახერხა. რაღა დაგიმალოთ და შავი ზღვისპირულ ამ დერბიში, „გაგრამ" რიგ მონაკვეთებში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და რეალურად, ამის ხარჯზეც გაიმარჯვა კიდეც. ანგარიში, მე-17 წუთზე ბათუმელთა 19 წლის თავდამსხმელმა ლევან ხოზრევანიძემ გახსნა. 32-ე წუთზე კი, გიორგი პაპუაშვილმა გათანაბრება მოახერხა. თამაში, თითქოს საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, თუმცა, 84-ე წუთზე პედრო ბორჟესმა სტუმართა გუნდს, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. „გაგრამ" 1-2 გაიმარჯვა და „სამგურალის" მსგავსად, 23 ქულა დააგროვა.
„თელავს" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 30-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილი გაუგდეს, რომელმაც წითელი ბარათის მიღებამდე, ორჯერ შორიდან საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა „ტორპედოს" კარისკენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევენ, 51-ე წუთზე საბა კვერკველიას გადაცემის შემდეგ, კაცნაკლული კახური გუნდის კარი, კომნენ ანდრიჩმა აიღო და ქუთაისელები დააწინაურა. თუმცა, ვალერი გაგუა და მისი ფეხბურთელები დანებებას არ აპირებდნენ. ეს განსაკუთრებით, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მოედანზე ნიკა ცეცხლაძე გამოვიდა, რომელმაც ასევე, მეორე ტაიმში გამოსულ ტატო ჟივიძეს, საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ გადაცემის შემდეგ, ქართველ „თომას მიულერს" კი, გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, შედეგით უკმაყოფილო ქუთაისელი გულშემატკივარი კი, რომელიც სტადიონზე ძალიან ცოტა იყო, მატჩის შემდეგ, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის დიკ შუსტერის გუნდიდან წასვლას ითხოვდა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ყველასთვის მოულოდნელად დასრულდა - ადგილობრივი „დილა", ანგარიშით 0-6 თბილისის „იბერია 1999"-თან განადგურდა. მართალია, ორივე კლუბისთვის, თუმცა, ალბათ, უფრო თბილისური გუნდისთვის ევროტურნირებზე მტკივნეული გამოსვლისა და კლუბში, საკადრო ცვლილებების შემდეგ, გამოცდილმა გია გეგუჩაძემ, „იბერია 1999"-ის „დამშვიდება" მოახერხა. 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, „იბერია 1999"-ი უკეთესად გამოიყურებოდა, თუნდაც ვიდრე, ეროვნული ლიგის წინა ტურში. ანგარიში, სტუმრებმა 34-ე წუთზე გახსნეს გიორგი ტაბატაძის გოლით, რომელმაც 50-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა, 59-ე წუთზე ის შეცვალეს და საბოლოოდ, გაირკვა, რომ მან, ქართული გუნდი დატოვა და სათამაშოდ, დანიურ „ვეილეში" გაემგზავრა (კლუბი დანიურ სუპერლიგაში ასპარეზობს და 4 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა). დუბლის გარდა, გიორგიმ, გიზი მამაგეიშვილს 41-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გაუკეთა. „იბერია 1999"-მა, პირველი ტაიმი 0-2 მოიგო. მეორე ტაიმში კი, საგოლე გადაცემებს ძირითადად გიზი მამაგეიშვილი აკეთებდა, გოლები კი, ტაბატაძეებს გაჰქონდათ. გიორგის გოლზე უკვე გითხარით, მესამე და მეოთხე გოლები კი, იური ტაბატაძემ (55', 68') გაიტანა. ამას გარდა, მოგვარის მსგავსად, ერთი საგოლე გადაცემა იური ტაბატაძემაც ჩაიწერა, 85-ე წუთზე სწორედ, მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა თორნიკე ახვლედიანმა. ამ შეხვედრიდან კიდევ ერთი დეტალი, „დილას" ერთი ფეხბურთელი პირველი (45' - პედრო მენდეში), მეორე (67-ალექსანდრე ანდრონიკაშვილი) კი, მეორე ტაიმში გაუძევეს. გორელთა მარცხის მიზეზი შესაძლოა, ბევრმა ამ გარემოებაშიც ეძიოს.
სხვათა შორის, ეროვნულ ლიგა 2-ში ორი ფეხბურთელი გაუძევეს „დინამო თბილისი 2"-საც რომელიც, აღნიშნული ლიგის ლიდერთან „სპაერთან" სამჯერ იგებდა, თუმცა, მიშიკო მაქაცარიას მიერ მოგერიებული 11-მეტრიანის (სადაო გარემოებებში შესრულებული დარტყმა) შემდეგ, დამატებაზე გაუშვეს გოლი და ის შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. ამ მატჩით, ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტური დაიწყო. ბუნებრივია, „სპაერის" (რომელიც ევროტურნირებზე თამაშობდა და 20 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამოტოვებული 1/8 ფინალური მატჩის გამართვა უწევს) კალენდრიდან გამომდინარე, 100 წლის ქართული კლუბის მეორე გუნდმა პარასკევს ითამაშა. თუმცა, ცოტა გაურკვეველია, ამ შემთხვევაში (თუკი, „იბერია 1999"-ის მთავარი და მეორე გუნდები სხვადასხვა დღეს თამაშობენ), რატომ დაემთხვა (და პირველად არა) ეროვნული ლიგის კალენდარული დღეს, „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის თამაშიც. მოგეხსენებათ, ორ-ორი გუნდის ყოლის შემთხვევაში, ნებადართულია ფეხბურთელების როტაცია, ასეთი კალენდრის შემთხვევაში კი, ელემენტარულად იძულებული ხდები შუაზე გაიხლიჩო(!).
მოკლედ, ასეა თუ ისე, პარასკევს, 15 აგვისტოს, ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, ადგილობრივ „კოლხეთი 1913"-ის წინააღმდეგ ითამაშ „დინამო თბილისის" მთავარმა გუნდმა და 1-3 გაიმარჯვა. მასპინძელთა მხრიდან, საკმაოდ უხეში თამაშის ფონზე, რომლის დროსაც მსაჯმა 5 ყვითელი ბარათი უჩვენა (მათ შორის 3 დაიმსახურეს ყოფილმა დინამოელებმა (!) ნიკოლოზ ქუთათელაძემ, დიტო ფაჩულიამ და რატი გრიგალავამ და ალბათ, „სიბრაზე" პირადი ფაქტორებიდან უფრო გამომდინარეობდა - სარედაქციო მინიშნება) ფოთელებს, თბილისელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს. ლუკა ლაცაბიძის გადაცემის შემდეგ, თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, დინამოელთა მცველებს ევგენი ლეშინსკი გაეპარათ, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე, თორნიკე მორჩილაძემ, ამჯერად, ნიკა ნინუას გადაცემის შემდეგ, მოახერხა დედაქალაქური გუნდის კვლავ დაწინაურება. მატჩის, რომელიც სტუმარი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა, ბოლო წუთზე კი, გიორგი ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ, ამ თამაშში წერტილი ირაკლი სირაძემ დასვა.
ეროვნული ლიგის 22-ე ტური 23 და 24 აგვისტოს გაიმართება, იხილეთ კალენდარი.
გათამაშების სატურნირო ცხრილი
ფოტო: © იბერია 1999 / "დინამოთბილისი"