ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე დარჩენილი „ლანჩხუთი“ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ემზადება
ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე დარჩენილი „ლანჩხუთი“ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ემზადება
18.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აგვისტოს ბოლოს საქართველოს ქალთა შორის ფეხბურთში მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მამაკაცთაგან განსხვავებით, ქალების ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპები მინი ტურნირების სახით ტარდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენი გუნდი, 1/2 ფინალში უკრაინულ „ვორსკლას" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართული გუნდი - გააგრძელებს ასპარეზობას. მარცხის შემთხვევაში კი, მესამე ადგილისთვის ითამაშებს.


ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე ერთი საინტერესო დეტალი, უკრაინულ გუნდთან, მატჩის მოგების შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული გუნდი მინი-ტურნირის ფინალში გადავა და ავტომატურად, მინიმუმ, უეფა-ს მიერ დაარსებულ ქალთა ახალი ტურნირის, უეფა-ს ქალთა ევროპის თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაინაღდებს ადგილს.  დამარცხების შემთხვევაში „ლანჩხუთი" ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და უკვე იქ, წარმატების შემთხვევაში, უეფა-ს ქალთა ევროპის თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. ასე, რომ მინი ტურნირზე, რომელიც ლიეტუვაში ტარდება ქართულ გუნდს, მინიმუმ ერთი მოგება სჭირდება. ორი კი, იდეალური იქნება.


მანამდე კი, „ლანჩხუთმა" მცირე შესვენების შემდეგ, შეკრება და ევროტურნირებისთვის მზადება განაახლა. დღეს, ქართული გუნდის ვარჯიშის პროცესს, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე  ჟაკლინ ჟაკობი დაესწრო და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდთან ერთად, ფოტოც გადაიღო.


"მიმდინარე წელს შვეიცარიაში ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. შვეიცარიაში გამართულმა ამ ღონისძიებამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ქალთა ფეხბურთის მიმართ. ამ ტურნირით შთაგონებული მრავალი ახალგაზრდა გოგონა შეუერთდა საკუთარ რეგიონულ საფეხბურთო გუნდს. შესაბამისად, ჩვენც გვინდოდა ჩვენი მასპინძელი ქვეყნის რეგიონებში სიტუაციის გაცნობა და აღმოვაჩინეთ გამორჩეული ქალთა გუნდი საქართველოდან - შემიძლია ვთქვა, რომ  „ლანჩხუთი" არის კლუბი, რომელიც წერს თავის უნიკალურ და სამაგალითო ისტორიას", - ამბობს ჟაკლინი.


შეგახსენებთ, რომ "ლანჩხუთი", 27 აგვისტოს, თბილისის დროით 13:00 საათზე (!)  1/2 ფინალში უკრაინულ „ვორსკლას" დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, ასევე ლიეტუვაში, შედეგიდან გამომდინარე ქართული გუნდი ადგილობრივ „გინტრასა" და რუმინული „ფარულ კონსტანცადან" ერთ-ერთს, 30 აგვისტოს, ასევე ლიეტუვაში დაუპირისპირდება.


ასევე იხილეთ სტატია



ქსკ „ლანჩხუთის" ფოტო