
„დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ თავგადასავალს აგრძელებს. 20 წლის ქართველი „ბაზელმა" ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების პირობებზე „ლოზანა სპორტში" გაანათხოვრა.
„მიხარია და ვამაყობ რომ ჩემთვის ახალი და ისტორიული კლუბის ღირსებას დავიცავ. აქ, ერთწლიანი იჯარით ვარ გადმოსული. თავს კარგად ვგრძნობ", - ამბობს „სიგუ", TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აკადემიაში აღზრდილი, რომელიც პროფესიულ სარბიელზე 2022 წლიდან გამოჩნდა და ძალიან მალე, 2021-22 და 2023 წლებში, ჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შემდეგ კი, სუპერ თასის გამარჯვებული გახდა, თანაც გოლიც გაიტანა ფინალში, მომდევნო სეზონში ევროთასების შესარჩევ ეტაპზეც ასპარეზობდა, ჩემპიონთა ლიგაზე „ასტანას" წინააღმდეგ, რომელიც სხვათა შორის, უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლოზანამ" დაამარცხა.
„ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემები (!90სმ), ძალა და მინდვრის ხედვა, თავის დროზე გახდა გაბრიელის „ბაზელში" გადასვლის მიზეზი. ორი სეზონის მანძილზე მან გუნდის შემადგენლობაში 36 შეხვედრა ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ სეზონში, მან კლუბის წარმატებაში წვლილი შეიტანა, მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი", - ნათქვამია სიგუას ახალი კლუბის მიერ „ლოზანას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო წერილში.
20 წლის ქართველი, რომელიც ახალ კლუბში 38-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, უახლოეს დღეებში გუნდთან ერთად შეუდგება ვარჯიშს. შვეიცარიის სუპერ ლიგის დაწყებიდან 3 ტურის შემდეგ, გაბრიელ სიგუას ახალი გუნდუ, ჯერ-ჯერობით მე-7 ადგილზეა. ამას გარდა, „ლოზანამ" 17 აგვისტოს, შვეიცარიის თასის შეხვედრაში „ვევეი" დაამარცხა 1-2 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. თუმცა, ახლა ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ქართველის გუნდს 21 და 28 აგვისტოს ელის, როდესაც უეფა-ს სუპერლიგის ფლეი-ოფში „ბეშიქთაშთან" დაპირისპირება მოუწევს. პირველი შეხვედრა ლოზანაში, 12500-იან სტად დე ლა ტუილიეზე ჩატარდაება, საბოლოოდ კი, მთავარ ბადეში მოსახვედრად, გაბრიელის ახალი კლუბი 28 აგვისტოს, სტამბოლში, ვადაფონ არენაზე ითამაშებს.
და ბოლოს ის, რაც უკვე ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გვაინტერესებს - ჩვენი ქვეყნის რომელ ნაკრებში გამოუძახებენ ქართველ ფეხბურთელს სექტემბრის სანაკრებო თამაშების დროს? საქმე ისაა, რომ სიგუა, რომელსაც 21-წლამდე ნაკრებში 29 შეხვედრა აქვს გამართული (მათ შორის წელს სლოვაკეთში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროზე), ასაკიდან გამომდინარე სვანაძის ახალი ფორმაციის გუნდის სტანდარტებში ჯდება, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წელს გაბრიელმა ეროვნული ნაკრების ორი შეხვედრაც ჩაატარა და ამას გარდა იყო, ქართული სანაკრებო ფეხბურთისთვის, ჯერ-ჯერობით ერთადერთ მთავარ ტურნირზე, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე გუნდის რიგებში.