კიტეიშვილის დუბლი, ჟორჟის გოლი და სხვა...
კიტეიშვილის დუბლი, ჟორჟის გოლი და სხვა...
17.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნელ-ნელა უფრო მეტი ქართველი ლეგიონერი ებმება სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატებს ფერხულში. ამჯერად, სტარტი საფრანგეთის ლიგა ერთმა აიღო, სადაც საქართველო ყველაზე მეტი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი, თუმცა, ვიდრე „კვარას" სახით „მძიმე არტილერია", „წიტასა" და „აბუს" სახით ლიგა 1-ის დებიუტანტები დაიწყებენ ფრანგულ თავგადასავალს, 16 ნოემბერს ჟორჟიმ და ზუკამ საფრანგეთს შესძახეს, „ჩვენ, აქ ვართო".


ახალი სეზონის წინ, ამხანაგურ შეხვედრებში დაწყებული გოლების ათვლა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში გააგრძელა. ჟორჟის ფორმაში ყოფნა, სანაკრებო თამაშების წინ, ალბათ, ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან გვიყვარს ბომბარდირის გოლები. საფრანგეთის მთავარ ჩემპიონატში, „ლიონმა" გასვლით შეხვედრაში „ლანსი", მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა. ამ მატჩში, ერთადერთი გოლი, პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ქართველმა გაიტანა. მიქაუტაძე, მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე შეცვალეს.


საფრანგეთის ლიგა-2-ში „სენტ ეტიენისა" და „როდეზის" დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველი, 82-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე, ზურიკომ 79-ე წუთზე გოლი გაიტანა და ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრას წერტილი დაუსვა.


მანამდე კი, ავსტრიაში, გრაცის „შტურმმა" ოთარ კიტეიშვილის დუბლით, ავსტრიული ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში „რიდი" 1-3 დაამარცხა. ეს, ქართველის კლუბის მეორე გამარჯვებაა და სამი ტურის შემდეგაც „კიტეს" გუნდი, მხოლოდ მე-5 ადგილზეა, თუმცა, ჯერ მთელი ჩემპიონატი წინ არის. ევროტურნირების წინ კი, მე-3 ტურის შეხვედრაში ქართველი კარგად გახურდა. მე-16 წუთზე, სწორედ, ოთრის გოლით მოახერხა „შტურმმა" ანგარიშის გათანაბრება, ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე კი, „კიტემ" დუბლიც გაიფორმა. ქართველმა, საკუთარი, თუმცა, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო. დუბლის ავტორი, 87-ე წუთზე შეცვალეს.


ბოსნიისა და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ", ანგარიშით 2-1 საშინაო შეხვედრაში „პუსუსიე" დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.


ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, რომელიც ემოციურად საკმაოდ მძიმე და დატვირთული აღმოჩნდა, „ლივერპულმა" საშინაო შეხვედრაში „ბორნმუთი" 4-2 დაამარცხა. „ენფილდზე", ქართველებს ალბათ, ყველაზე მეტად ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის ხილვა გაგვიხარდებოდა, თუმცა, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, მერსისაიდელების კარს, ალისონი იცავდა, რომელმაც საკუთარი გუნდიდან, რეალურად ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, თუმცა, ეს გარემოება ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ალბათ, უახლოეს მატჩებში ბევრს ვერაფერს შეცვლის - აი, ჩვენ კი, გაგვიხარდებოდა.


ლაშა ოდიშარიას ლატვიურმა რიგის RFS-მა ვირსლიგის 26-ე ტურში „სუპერ ნოვა" 4-1  დაამარცხა. ჩვენი გვერდი მკითხველს, ემახსოვრება, რამდენიმე დღის წინ, TSFF.Ge-სთვის „ოდიშას" მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც ქართველმა მიმდინარე მოლაპარაკებებზე და მის დღევანდელ ფიზიკურ მდგომარეობა ილაპარაკა. ლაშას, მისი მოსალოდნელი ტრანსფერის მოლაპარაკებების ფონზე, მცირე ტრავმა აქვს. შესაბამისად, ლატვიურ გუნდის რიგებში თამაშიც ამ მიზეზით არ უწევს.


პოლონური ექსტრაკლასას მეხუთე ტურის შეხვედრა ოთარ კაკაბაძემ ყვითელი ბართით დაწყო, თუმცა 69-ე წუთზე, სწორედ, „კაკაბას" მიერ გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ, „კრაკოვიამ" „ვიძევ ლოძი", საშინაო შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო ქართველი იყო, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 5 ტურის შემდეგ, „კრაკოვია" მეორე ადგილზეა, ოთოს რაც შეეხება, ახლად დაწყებულ ჩემპიონატში, ქართველს 1 გატანილი გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 2 ყვითელი ბარათი აქვს დაგროვებული.


პორტუგალიის ლიგაში, „სპორტინგის" რიგებში, გასვლით შეხვედრაში „კასა პიას" წინააღმდეგ, მინდორზე 85-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი ქოჩაორაშვილი, მისმა ახალმა გუნდმა კი, სასტარტო შეხვედრა 0-1 მოიგო. „ქოჩორას" გუნდისგან განსხვავებით, ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა" მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა და სახლში ფრედ, 1-1 ითამაშა „ესტრელასთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა და ის, მეორე ტაიმში შეცვალეს.


სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში, ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაში გურამ კაშიას „სლოვანმა", ანგარიშით  1-0 „სკალიცა" დაამარცხა. როგორც ჩანს ვლადიმირ ვაისმა, ძირითადი გუნდის შემადგენლობიდან რიგ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, შესაბამისად, მე-3 ტურის შეხვედრაში არ უთამაშია არც გურამ კაშიას. „სლოვანი" კი, ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. გათამაშებას კი, ოთხი ტურის შემდეგ „ტრნავა" ლიდერობს, რომელსა „სლოვანთან" შედარებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს, მის შემადგენლობაში კი, გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს.  


ევროტურნირებზე „სლოვანის" დამარცხების შემდეგ, ქართველების გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის „კაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, „იელიმაი სემეისთან" 2-3, საშინაო შეხვედრა წააგო. როგორც ჩანს ყაზახურმა კლუბმა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში დიდი ძალები დახარჯა და გუნდშიც როტაციის გაკეთება მოუხდათ. სრული შეხვედრა ჩაატარა ლუკა გადრანმა, რომელიც ალმა-ათის გუნდს ევროტურნირებზე მყარად, სათადარიგო შემადგენლობაში ჰყავდა. აი, გიორგი ზარია კი, რომელიც „სლოვანთან" შეცვლაზე შევიდა, საუკეთესო იყო და შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს, ყაზახეთის ჩემპიონატის ამ შეხვედრაში საერთოდ არ იყო განაცხადში. ჩვენი გვერდი, ცდილობს „ზაროსთან" დაკავშირებას და უახლესი ინფორმაციით, მომდევნო სტატიაში დაგიბრუნდებით. 21 ტურის შემდეგ „კაირათი" 43 ქულით პირველ ადგილზეა.


ამ ეტაპზე სულ ეს იყო, დანარჩენი ხვალ...