ხელბურთელთა ქარული ლეგიონი სექტემბრიდან საკლუბო თავგადასავალს იწყებს
ხელბურთელთა ქარული ლეგიონი სექტემბრიდან საკლუბო თავგადასავალს იწყებს
15.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შემოდგომაზე ხელბურთში, საკლუბო სეზონი იწყება. შესაბამისად, ახალი გამოწვევები ელოდებათ ქართველ ხელბურთელებსაც, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობენ. აქედან, ერთის, გიორგი ცხოვრებაძის შესახებ, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება ახლა კლუბთან, ხორვატიაში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ახალი სეზონიდან ხორვატიის ჩემპიონის, „ზაგრების" ღირსებას დაიცავს და ამ კლუბთან ერთად, ხელბურთში, ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ახალი გუნდი, 10 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერს" შეხვდება.  ამ შეხვედრიდან 3 დღეში, 13 სექტემბერს კი, ხორვატიის ჩემპიონატის 2025-2026 წლების სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარბეს და „ტროგირას" დაუპირისპირდება.


აქვე გეტყვით, რომ ხორვატიაში, ცხოვრებაძის გარდა, კიდევ ორი ლეგიონერი გვყავს, გიგი რუხაძე და ლევან ფანცხავა, რომლებიც „ბიელოვარში" თამაშობენ.


5 სექტემბერს აიღებს სტარტს ახალი სეზონი საფრანგეთშიც, სადაც ორი წარმომადგენელი გვყავს, ისევე, როგორც გასულ სეზონში. „ტრემბლში" ითამაშებს ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი, ხოლო „პროვანს-ექსის" ღირსებას ნიკოლოზ კალანდაძე დაიცავს, რომელიც ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება მოედანს. იმედია, ნიკა, მალე შევა ფორმაში და ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, ბოლოს და ბოლოს დაეხმარება.


გერმანიაში, ქართული ლეგიონი 3 ხელბურთელით იქნება წარმოდგენილი. როგორც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება ახალი სეზონის დაწყებამდე გერმანიის მესამე ლიგის „აუგუსტდორფში" ზურაბ გოგავა გადავიდა. ამავე ლიგაში კიდევ ორი ქართველია - გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი") და ირაკლი დიხამინჯია („ლუბენაუ").


6 სექტემბერს აიღებს სტარტს ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატი, სადაც ყველზე მეტი წარმომადგენელი გვყავს - აქ 4 ქართველი თამაშობს - ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე „ოჰრიდის" ღირსებას იცავს. თუმცა, კაპიტანს „დაცდა" მოუწევს. გემახსოვრებათ, ორჯონიკიძემ საქართველოს ნაკრების მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს, სავარაუდოდ, მხოლოდ ახალი წლის შემდეგ განაახლებს. ორჯონიკიძის გარდა, ლევან იმნაძე და სანდრო დარსანია „პრილეპის" ღირსებას იცავენ, ხოლო დავით გრიშიკაშვილი ცოტა ხნის წინ „ბუტელე სკიპიეში" გადავიდა.


საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კბილაშვილი 2025-2026 წლების სეზონს კვლავ რუმინული „ტურდას" შემადგენლობაში გაატარებს. რუმინეთის ჩემპიონატში გადავიდა ხაზეინ რუსტამოვიც, რომელიც „კონსტანტას" ღირსებას დაიცავს. რუსტამოვი ბოლოს ბოსნიის „სლობოდაში" გამოდიოდა. რუმინეთის ჩემპიონატი 7 სექტემბერს დაიწყება


გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში, „აზოტის" შემადგენლობაში, ზურაბ ცინცაძე და გიორგი დიხამინჯია თამაშობდნენ. ცინცაძე, კვლავ პოლონეთში გააგრძელებს კარიერას, მხოლოდ ახალი გუნდის, „ლეგიონოვოს" მაისურით. ასევე პოლონეთში ითამაშებს მირიან გავაშელიშვილი, რომელიც ამ სატრანსფერო პერიოდში „ოსტროვიაში" სერბული „მეტალოსპლასტიკიდან" გადავიდა. ახალი სეზონი პოლონეთში, 2 სექტემბერს აიღებს სტარტს.


ხელბურთის სამყაროში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ისლანდიის ჩემპიონატში იასპარეზებს გიორგი დიხამინჯია.  2025-2026 წლების სეზონში, გიორგი „KA აკურერში" ითამაშებს. ისლანდიის ჩემპიონატი 3 სექტემბერს დაიწყება, დიხამინჯიას გუნდი პირველ მატჩს 6 სექტემბერს გამართავს.