
დღეს ქართული ლეგიონის ნაწილი, უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობდა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპში, რიგის RFS-ი გასვლაზე ფინეთში „კუპს" დაუპირისპირდა და 1-0 დამარცხდა. ორი შეხვედრის ჯამში, ლაშა ოდიშარიას გუნდი 3-1 დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა, ქართველის ლატვიური გუნდი, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში მალტას „ჰამრუნს" დაუპირისპირდება. RFS-ი პირველ შეხვედრას 21 აგვისტოს გასვლაზე გამართავს. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხებს თუ არა ოდიშარია თამაშს. დღევანდელ მატჩამდე კი, ჩვენთან ლაპარაკში ლაშა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ლატვიურ გუნდს ის, ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
„ამ მომენტში ფეხი მაწუხებს და ვმკურნალობ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, რფს არ მიშვებს სხვა გუნდში. როგორც ვიცი, თანხაზე ვერ თანხმდებიან გუნდები. ამჟამადაც, მოლაპარაკებების პროცესშია საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ევროტურნირების განაცხადში ვიყავი, არ მითამაშია. სკამზეც კი არ ვმჯდარვარ, ტრავმის გამო. შესაბამისად, ტრანსფერთან ეს ამბავი, არაფერ შუაშია", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ლაშა ოდიშარია.
გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, „პანათინაიკოსის" წინააღმდეგ კვლავ არ უთამაშია ირაკლი აზაროვს. შეგახსენებთ, რომ „შახტარისა" და „პანათინაიკოსის" პირველი შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა, თუმცა, ისევე, როგორც დღეს, კრაკოვში, Reymana Stadium-ზე გამართული საპასუხო მატჩი, რომელსაც თამაშის ძირითადი დროის დასრულება კაცნაკლული შემადგენლობით მოუხდათ. საბოლოოდ, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც ბერძნულმა გუნდმა 3-4 მოიგო და ევროპა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას. რაც შეეხება, „შახტარს", უკრაინულმა კლუბმა, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიული „სერვეტე" იქება. აზაროვის გუნდი პირველ შეხვედრას, 21 აგვისტოს კრაკოვში გამართავს.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი რაუნდის ჯამში, მომდევნო ეტაპზე გავიდა ლუკა გუგეშაშვილის „პაოკი". ერთი კვირის წინ, საბერძნეთში 0-0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, თითქოს, უკეთეს პოზიციაში ავსტრიული „ვოლფსბერგერი" იყო, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდი, საკუთარ კედლებში, Stadion Klagenfurt-ზე თამაშობდა. თუმცა, ფრედ 0-0 დასრულებული მატჩის ძირითადი დროის შემდეგ, ბერძნებმა გამარჯვების გოლი 115-ე წუთზე გაიტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, ხორვატული „რიეკა" იქნება. პირველი მატჩი ხორვატიაში, ქართველებისთვის კარგ მოგონებებთან დაკავშირებულ რიეკას სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხება ქართველ მეკარეს, ლუკას სათამაშო დრო არც ამჯერად ჰქონია.
ანრი მექვაბიშვილი „უნივერსიტატია კრაიოვამ", უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან სლოვაკური „სპარტაკ ტრნავა", გამოთიშა და ამით, ყოფილი თანააკადემიელი და თანაგუნდელი გიორგი მოისწრაფიშვილი, ევროტურნირებს მიღმა დატოვა. ამ გუნდების დაპირისპირებაში პირველი რაუნდის შემდეგ, რუმინელები სახლში მოგებული თამაშის ხარჯზე 0-3-ს იგებდნენ. დღევანდელ შეხვედრაში კი, მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ქართველებმა სათადარიგო სკამიდან დაიწყეს, „მოისწრაფა" თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. რაც შეეხება „მექვაბას", ის მოედანზე 72-ე წუთზე გამოვიდა. დღევანდელ მატჩშ, ანგარიში, რუმინელებმა გახსნეს, თუმცა, ამის შემდეგ ოთხი გოლი გაუშვეს და დღევანდელი შეხვედრა 4-1 წააგეს. ამრიგად ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიში 4-4 გახდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი ტაიმები დაინიშნა. აქ კი, ორი გოლის გატანა რუმინელებმა მოახერხეს. დღევანდელი თამაში, 4-3 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში კი, „კრაიოვამ" 4-6 იმარჯვა და მინიმუმ ფლეი-ოფაში დარჩა. 21 აგვისტოს, „მექვაბას" გუნდი, სტამბოლში, „ბაშაქშეჰირს" დაუპირისპირდება.
სამი გოლით დაასრულა 2025-2026 წლების ევროტურნირები გიორგი ქვილითაიამ. ქართველმა დღესაც გაიტანა, ამჯერად 11 მეტრიანით, თუმცა, ამით, კვიპროსული ლიმასოლის „არისმა" ვერ იხეირა. ათენის „აეკისა" და „არისის" დაპირისპირება ამჯერადაც ფრედ დასრულდა, 1-1. ორი რაუნდის ჯამში კი, საერთო ანგარიში 3-3 გახდა. აქაც, საჭირო გახდა დამატებითი დრო, რომელშიც, საკუთარ სტადიონზე, AEK Arena პირველივე დამატებულ ტაიმში ორი გოლის გატანა მოახერხეს და თამაში 3-1 მოიგეს. ორი რაუნდის ჯამშიც, ბერძნებმა 5-3 გაიმარჯვეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, რომელშიც ბელგიურ „ანდერლეხტს" დაუპირისპირდებიან.
უეფა-ს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დაპირისპირებები 21 და 28 აგვისტოს გაიმართება. აი, ამის შემდეგ, კი, ზემოთხსენებული ფეხბურთელებიდან უმრავლესობა, თბილისში, ეროვნული ნაკრების სექტემბრის თამაშებისთვის შეიკრიბება.