
ვიდრე გიორგი გოჩოლეიშვილი, გერმანულ „ჰამბურგში" სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, ფრანგული „მეცი" კი, ორი ქართველის გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის წარდგენით იყო დაკავებული, ქართული საფეხბურთო ლეგიონის ნაწილი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში სათამაშოდ ემზადებოდა.
ალბათ, პირველ რიგში სლოვაკური კლუბისთვის მოულოდნელად, ალმა-ათის „კაირათმა", საკუთარ კედლებში „სლოვანი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. სხვათა შორის პირველი სახიფათო მომენტი, თამაშის საწყის წუთებზე, სტუმართა გუნდის ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ განმუხტა. ზოგადად, სლოვაკებზე ზეწოლა 65-ე წუთის შემდეგ, რაც ისინი კაცნაკლულნი დარჩენ აშკარად გაიზარდა. მატის ბედი კი, 90-ე წუთზე, ნიდერლანდელი მსაჯის, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, კიდევ ერთმა გაურკვეველმა გადაწყვეტილებამ, „სლოვანის" კარში დანიშნულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც დასტან სატპაიევმა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ, მოხდა, კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც, საპასუხო შეხვედრას „სლოვანის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმი ვაისი ტრიბუნიდან იხელმძღვანელებს თავის შეგირდებს.
როგორც ჩანს, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი, რომელიც „კანფეტი" არც არასდროს ყოფილა, სწორედ, ნიდერლანდელი მსაჯის გადაწყვეტილებებით მთელი დამაში ისე „დაიმუხტა", რომ მატჩის მიწურულს წითელი ბარათიც დაიმსახურა.
რაც შეეხება ქართველებს, რის გამოც ამ წყვილის დაპირისპირება ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესოა - მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელები ორივე გუნდში ასპარეზობენ. „სლოვანის" შემადგენლობაში, გურამ კაშიამ სრული მატჩი ჩაატარა. „კაირათის" სათადარიგო სკამზე იყო, ლუკა გადრანი, რომელსაც არც ამჯერად მიეცა სათამაშო დრო. რაც შეეხება ყაზახურ კლუბში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი ზარიას, მან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე წითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა.
საპასუხო შეხვედრას ქართველების გუნდები, უკვე ბრატისლავაში, 12 აგვისტოს გამართავენ. მანამდე კი, თემა, რომლითაც სტატია დავიწყეთ - ქართული ტრანსფერებია ევროპულ ლიგებში და აქ, სასიხარულო ისაა, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგიდან უკვე ოთხში, 9 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - საფრანგეთის ლიგა 1 - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი"), გიორგი წიტაიშვილი და გიგი აბუაშვილი (ორივე - „მეცი"); იტალიის სერია A - საბა გოგლიჩიძე („უდინეზე"), საბა საზონოვი („ტორინო"), დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე"); გერმანიის ბუნდესლიგა - ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი"), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი"); ინგლისის პრემიერლიგა - გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული").