
27 აგვისტოს, ფეხბურთში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. კაცების ტურნირისგან განსხვავებით, ქალთა შეჯიბრი, ოდნავ სპეციფიკურია და საკვალიფიკაციო ეტაპები სხვა სისტემითაც ტარდება. რეიტინგის მიხედვით, მთავარ ბადეში მოსახვედრად, გუნდები მინი-ტურნირებს თამაშობენ, რომლებიც თავის მხრივ, 1/2 ფინალისა და ფინალისგან შედგება. ერთი ასეთი ტურნირი, 2 აგვისტოს, პრიშტინაში დასრულდა. „ლანჩხუთი" სამ გუნდიან ჯგუფში მოხვდა და უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, პირდაპირ ჯგუფის ფინალი ითამაშა და ანანო წიქარიძისა და ეთერ სულაშვილის გოლების წყალობით, მოიგო (იხილეთ სტატია). ახლა, გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მინი-ტურნირს, ქართული გუნდი, მისთვის კარგად ნაცნობ, უკრაინულ „ვორსკლასთან" დაპირისპირებით დაიწყებს. სწორედ, ამ თემებზე, ჩვენი გვერდი დღეს, კლუბის მთავარ მწვრთნელს ელაპარაკა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ეს გამარჯვება, საჭირო იყო როგორც გუნდისთვის ასევე ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში გიორგი. „გოგონებმა კარგად გაითავისეს თუ, რამდენად გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა, კარგად მოემზადნენ და მოედანზე მაქსიმუმი გაიღეს, რათა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა".
ევროტურნირზე ჩატარებული სასტარტო შეხვედრის შემდეგ, „ლანჩხუთის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდს დასვენების შესაძლებლობა მისცა. მოგეხსენებათ, კოსოვოში გამგზავრებამდე, ქართულმა გუნდმა ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა 27 ივლისს ჩაატარა და მეორე დღეს, უკვე, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გზას დაადგა. შესაძლოა, „ლანჩხუთი", ევროტურნირს ტონუსში, ამ გარემოებიდან გამომდინარეც შეხვდა. თუმცა, ახლა ქალთა ლიგაზე ერთთვიანი შესვენებაა და შესაბამისად, აგვისტოს ბოლოს, ქართულ გუნდს, ყველაზე მეტად სპარინგების ნაკლებობა და ეს „ტონუსი" დააკლდება.
„ახლა რამდენიმე დღით დავისვენებთ და შემდეგ, შევუდგებით მზადებას უკრაინის ჩემპიონ „ვორსკლასთან" სათამაშოდ, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ ორი წლის წინ, ვეთამაშეთ მათ. შეხვედრა, ხორვატიაში ჩატარდა და 5-0 დავმარცხდით. თუმცა, უნდა აღვნიშნო რომ 5-0-ს, ამ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. იმ თამაშში, 2 ფეხბურთელი გაგვიძევა მსაჯმა. ახლაც, ვნახეთ თამაშები და კარგი გუნდია. ფიზიკურად, ძალიან კარგად არიან მზად, დაკომპლექტებულია უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებით", - ამბობს გიორგი.
ვინც ქალთა ფეხბურთის სიახლეებს ჩვენი ვებ-გვერდით ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ ივლისის ბოლოს, „ლანჩხუთი", გურულთა კლუბის ერთ-ერთმა სტაჟიანმა და ქალთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა წევრმა მარიამ კალანდაძემ დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის, ჟურნალისტისთვის, რომელიც წლებია, ქალთა ფეხბურთს ვაშუქებ, წარმოუდგენელია „ლანჩხუთი" „კალანდას" გარეშე (იხილეთ სტატია) და რაღა დაგიმალოთ და ევროტურნირების სტარტიც მის გარეშე ცოტას მაფიქრებდა. თუმცა, გურულებმა ეს გამოწვევა გადალახეს. მიუხედავად ამისა, დავინტერესდით, ხომ არ აპირებდა მომავალი თამაშებისთვის კლუბი გაძლიერებას.
„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გაძლიერებას ვერ ვახერხებთ. მოგეხსენებათ, ლეგიონერების ლიმიტი გვაქვს და ამ მხრივ უკვე შევსებული ვართ. 27 აგვისტომდეც მოსამზადებელ ეტაპს ადგილზე, ლანჩხუთში გავივლით და ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ შემდეგ მნიშვნელოვან მატჩს"-, ამბობს გიორგი.
შემდეგი მნიშვნელოვანი მატჩის მოგების შემთხვევაში, კი ქართული გუნდი მინი-ტურნირის ფინალში გადავა და ავტომატურად, მინიმუმ, უეფა-ს მიერ დაწესებულ ქალთა ახალი ტურნირის, ქალთა ევროპის თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაინაღდებს ადგილს. უკრაინულ „ვორსკლასთან" დამარცხების შემთხვევაში (რასაც პირადად მე და ჩვენს გვერდს, არ გვინდა დავუშვათ), „ლანჩხუთი" ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და უკვე იქ, წარმატების შემთხვევაში, უეფა-ს ქალთა ევროპის თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. ასე, რომ ლიეტუვაში, სადაც მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს ქართულ გუნდს თამაში, მინიმუმ ერთი მოგება გვჭირდება, ორი კი, იდეალური იქნება.