„იბერია 1999“ - ი კორღალიძეს დაემშვიდობა
„იბერია 1999“ - ი კორღალიძეს დაემშვიდობა
01.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ევროტურნირებზე დარჩენილი სამი ქართული კლუბი, ქვეყნის პრესტიჟის გადარჩენას და საპასუხო შეხვედრებში „სახლის კედლების" ფაქტორიდან გამომდინარე ევროპულ საკლუბო ტურნირზე ადგილის მოპოვებას ცდილობდა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999"-მა, ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ, კლუბში რეფორმა დაიწყო, რომლებიც დიდი ალბათობით, არაა ბოლო. პირველ ჯერზე კი, კლუბიდან ის მწვრთნელი „გაუშვა", „ურთიერთშეთანხმების" სარჩულით, რომელმაც „იბერია 1999"-ს, 2024 წლის სეზონში ჩემპიონობა მოუტანა და ამჟამადაც კლუბი ქართული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია.


„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძე იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტს აღარ დაიკავებს. მასთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტებმა: ნიკოლოზ გუშარაშვილმა და არმაზ ჯელაძემ.


ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით იბერიამ 2024 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და ეროვნულ ლიგაში გუნდი ზედიზედ 30 თამაშში არ დამარცხებულა.


დიდ მადლობას ვუხდით ლევანს და მის გუნდს იბერიაში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!"- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


ამასობაში, თბილისური კლუბის, რომელსაც  ხვალ, 2 აგვისტოს „თელავთან" აქვს ეროვნული ლიგის თამაში ჩანიშნული, 13 აგვისტოს კი, საქართველოს თასის გადადებული შეხვედრა „ტორპედოს" წინააღმდეგ, მთავარი მწვრთნელის გარეშეა. სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება, კლუბში გია გეგუჩაძის მოსვლის შესახებაც, რომელსაც ამ დრომდე „იბერია 1999"-დან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ იბერიელთა საჭადრაკო დაფაზე, სრულიად მოულოდნელი სვლები გაკეთდეს და კლუბის ხელმძღვანელობამ, ტრანსფერი სხვა ქართული კლუბიდანაც გააკეთოს.