
და ისევე, როგორც უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ. ისევე, როგორც „შახტარისა" და „ბეშიქთაშის" პირველი დაპირისპირებისას ქართველთაგან ერთი, „გოჩოლა" მოედანზე მე-80 წუთის შემდეგ შევიდა და ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, უკრაინულმა გუნდმა, თურქული გრანდი, ამჯერადაც დაამარცხა, ამჯერად, კრაკოვში, Reymana Stadium-ზე, ანგარიშით 2-0 და ორი შეხვედრის ჯამში 6-2 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ევროპა ლიგის გათამაშებამდე, განსხვავებით გურამ კაშიას „სლოვანისა" და ირაკლი ზარიასა და ლუკა გადრანის „კაირათისგან", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა ლაშა ოდიშარია რიგის RFS-ი. ლატვიური გუნდის შემადგენლობაში, ქართველს არც ამ შეხვედრაში მისცეს სათამაშო დრო. კლუბმა კი, ორი შეხვედრის ჯამში, შვედურ „მალმესთან" 5-1 წააგო და უეფას, კონფერენს ლიგის გათამაშებაზე გადაერთო.
უშუალოდ კონფერენს ლიგაზე მოასპარეზე ქართული ლეგიონიდან, მომდევნო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს გიორგი ქვილითაიას ლიმასოლის „არისი". ქართველმა კვლავ გაიტანა, ამჯერად, 77-ე წუთზე, Pancho Aréna-ზე, უნგრეთში „პუშკაშ აკადემიასთან" საპასუხო მატჩში, რომელიც კვიპროსულმა კლუბმა 0-2 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიშით 2-5, გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. „ქვილითას" ამ მომენტში, ახლად დაწყებულ ევროტურნირზე მინდორზე 150 წუთი აქვს გატარებული და 8 მცდელობიდან, 2 გოლი გატანილი.
რუმინულ „კრაიოვასთან", საშინაო შეხვედრაში მოგებული (2-1) თამაშის შემდეგ, გასვლაზე Ion Oblemenco-ს სტადიონზე, დიდი ანგარიშით, 4-0 დამარცხდა გოირგი გულიაშვილის „სარაევო". ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისმა გუნდმა კი, ორი შეხვედრის ჯამში, 5-2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
გათამაშებას გამოეთიშა დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის აზერბაიჯანული „ზირე", რომელმაც ერთი კვირის წინ, სახლში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საპასუხო გასვლითი თამაში 2-1 წააგო ხორვატული სპლიტის „ჰაიდუკთან", შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამშიც 3-2 დამარცხდა. რაც შეეხება ქართველებს, ისინი მინდორზე მეორე ტაიმიდან შევიდნენ. მეზობელი ქვეყნის გუნდიდან ერთადერთი გოლი კი, ამ შეხვედრაში ნიგერიელმა ისსა ჯიბრილამ გაიტანა.
და ბოლოს, როდესაც ევროტურნირები იწყებოდა, ზოგიერთი ქართული კლუბის „გულშემატკივარმა", კონკრეტული კლუბის ერთ-ერთი პოსტის წინ, ცინიკური პოსტები გამოაქვეყნა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მისამართით. მაგალითად, ის კლუბი ახლა ვის წინააღმდეგ თამაშობს და „დინამო თბილისმა" „რიზესფორი" და „თრაბზონსფორი" არჩიაო. ისე, ამ შეკრების დროს, დინამოელები, „არარატ არმენიასაც" ეთამაშნენ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ კონკრეტულ ქართულ კლუბს გადაურბინა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. ბუნებრივია, საკმაოდ შემაშფოთებელია, გარემოება, რომ 100 წლის კლუბი, ევროტურნირებს მიღმაა, თუმცა, ქართული კლუბებისგან განსხვავებით, „არარატ არმენია" უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზეა. ეს მაინც, იყოს აქ, ისტორიისთვის.
ფოტო: "შახტარი" / "არისი"