უეფა-ს ევროტურნირები კვლავ ქართული გუნდების გარეშე...
უეფა-ს ევროტურნირები კვლავ ქართული გუნდების გარეშე...
31.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს 2025-2026 წლების სეზონი, ქართულმა კლუბებმა ისე დაასრულეს, რომ რეალურად არც დაუწყიათ. ოთხივე ქართული კლუბი - „იბერია 1999", გორის „დილა", ქუთაისის „ტორპედო" და „სპაერი" კონფერენს ლიგის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ.


გამომდინარე იქიდან, რომ „იბერია 1999", თავდაპირველად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, შემდეგ კი, კონფერენს ლიგას, შესაბამისად, თბილისური კლუბი კონფერენს ლიგაზე მოასპარეზე სხვა ქართული კლუბებიდან განსხვავებით ე.წ. ჩემპიონთა გზის კალენდარულ დღეებში თამაშობდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მარცხზე უკვე გიამბეთ.


რა დასამალია და დარჩენილი სამი კლუბიდან, ალბათ, ყველაზე ნაკლები მოლოდინი, რომ რაიმე გამოუვიდოდათ, „სპაერი" იყო. ლიგა 2-ის წარმომადგენელს, ქართული კლუბებიდან ყველაზე რთული მეტოქე, ვენის „აუსტრია ვენა" შეხვდა. თუ შევაჯამებთ, ოთხი ტაიმიდან, რომელიც „სპაერმა" ორ შეხვედრაში გამართა,  ქართულმა გუნდმა, მხოლოდ პირველი (ოთხი ტაიმიდან, ორ შეხვედრაში) იბრძოლა. შემდეგ, კი, უბრალოდ მეორე შეხვედრის ბოლო წუთამდე, ავსტრიელები კარგად ავარჯიშა. თბილისში, დღეს, მიხეილ მესხზე გამართული შეხვედრაც სტუმრებმა მოიგეს, 0-5 და ორი შეხვედრის ჯამში, 7-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს „სპაერი".


ალბათ, უფრო შემადგენლობიდან, ან PR-კამპანიიდან გამოდინარე, თუნდაც, იმიტომ რომ მიმდინარე სეზონში, ევროტურნირებზე წარმოდგენილი ქართული კლუბებიდან ყველაზე ტიტულოვანი და ალბათ, ევროტურნირებზეც, ყველაზე გამოცდილი ქუთაისის „ტორპედო" იყო, ამასთან, კლუბმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კვიპროსულ მატჩში, არც თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, საპასუხო შეხვედრაში, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე, სადაც ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ქუთათურებს კი, აღმოსაფხვრელად ერთი ბურთი ჰქონდათ, ყველა „ზღაპრის კეთილ ბოლოს" ელოდა. თუმცა, პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობის მიუხედავად გოლების ათვლა სტუმრებმა დაიწყეს და საბოლოოდ, 0-4 გაიმარჯვეს. ორი შეხვედრის ჯამში კი, 0-5 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. უკვე მეორე სეზონია, „ტორპედოს" გათამაშებიდან, კვიპროსული „ომონია" თიშავს (!). ერთი საინტერესო დეტალი, რამაზ შენგელიას სტადიონი „სავსე" კი იყო, თუმცა, „ტორპედოელთა" ფან-სექტორის ხმაურს თუ არ ჩავთვლით და იმედია, თამაშზე მისული გულშემატკივარი არ გვიწყენს, უფრო, კადრისთვის მოწყობილ დეკორაციას გაგონებდა, ვიდრე ძალას, რომელსაც მასპინძელი გუნდის მოქოქა შეეძლო.


და ბოლოდ, ყველას იმედი ჰქონდა, რომ გორის „დილა", ქართული გუნდებიდან, ის გამონაკლისი იყო, რომელიც აუცილებლად მოახერხებდა ჯგუფში ჩაჯდომას... ლატვიურ „რიგასთან" დაპირისპირებაში,  წესით, გორელებს არ უნდა გასჭირვებოდათ საშინაო კედლებში გამარჯვება. ქართული გუნდისთვის შეხვედრა მართლაც კარგად დაიწყო და სამჯერ დაწინაურდა შეხვედრაში, თუმცა, სტუმრებმა სამჯერვე მოახერხეს გათანაბრება და შესაბამისად, თამაშიც დამატებით დროში აღარ გადასულა. თენგიზ ბურჯანაძეზე, ქართულმა კლუბმა, მართალია, იბრძოლა და ალბათ, ქართული გუნდებიდან, ყველაზე მეტად, გორშიც ფრედ 3-3 ითამაშა, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, 4-5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


მოკლედ, უეფა-ს 55 წევრ ქვეყანას შორის საქართველო, 6000 ქულით, 52-ე ადგილზე და მხოლოდ უელსს, გიბრალტარსა და სან მარინოს უსწრებს. გარემოება, რა თქმა უნდა, კარგა ხანია დასაფიქრებელია, თუმცა, უკვე უფრო და უფრო „გვაჭერს". ფაქტია, რომ საკლუბო ფეხბურთში, სერიოზული პრობლემებია, რომლებიც კომპლექსურ ანალიზს, თანაც უსწრაფეს ვადებში, ამოჩემებეზე უარის თქმას და ერთი მიზნისკენ გააზრებულ ნაბიჯებს მოითხოვს.


და კიდევ, არ შეიძლება საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ვაკრიტიკოთ ეროვნული ლიგა და ამ დროს, კლავიატურასთან მიმჯდარმა „გულშემატკივარმა" ჯიუტად ამტკიცოს, რომ სანამ შედეგი არ იქნება, სტადიონებზე, ვითომ ქომაგი „რატომ" უნდა მივიდეს. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, საკლუბო ფეხბურთი, ცარიელი ტრიბუნების ფონზე არათუ არ განვითარდება, სულ უკან და უკან წავა. ასე, რომ ახლა ყველა ერთ ნავში ვზივართ - ან ერთად ამოვქაჩავთ, ან და... ჰო, და კიდევ, კრიტიკის მოსმენაც და ბუტიაობის გარეშე მიღებაც, რომ ვისწავლოთ, არ იქნება ურიგო...