
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ასპარეზობას აგრძელებს. გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა" დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩემპიონი „ზრინსკის" წინააღმდეგ ფრედ, 2-2 ითამაშა, ორი შეხვედრის ჯამში, 2-6 გაიმარჯვა და გათამაშების მომევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველმა, ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ბრატისლავაში, 4-0 მოგებული მატჩის შემდეგ, როგორც ჩანს ვლადიმირ ვაისის გუნდმა დიდად არ დაიტვირთა თავი - საპასუხო შეხვედრაში, საქმეში დაბრუნებას, ძირითადად მასპინძლები ცდილობდნენ და რა დასამალია და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე, 20 წუთით ადრე, მასპინძლებმა ვაისი „აანერვიულეს" და 72-ე და 76-ე წუთებზე ორი გოლი გაქვითეს. სწორედ ამის შემდეგ, „შემოუძახეს" თავს, როგორც ჩანს სლოვაკებმა და შეცვლაზე შემოსულმა, დავით შტრელეცმა 80-ე და 87-ე წუთებზე, „სლოვანის" სტატუს-კვო აღადგინა. საბოლოოდ კი, როგორც აღვნიშნეთ, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. კაშიას გუნდი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალმა-ათის „კაირატს" დაუპირისპირდება. საინტერსოა ყაზახურ გუნდთან ვლადიმირ ვაისის დაპირისპირება, მითუმეტეს რომ ყაზახურ ფეხბურთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი საკმაოდ კარგად იცნობს.
ალბათ, ეს შეხვედრა იმ მხრივაც იქნება საინტერესო, რომ „კაირატში" ორი ქართველი გიორგი ზარია და ლუკა გადრანი თამაშობენ. ქართველების ყაზახურმა კლუბმა დღეს, ორი რაუნდის ჯამში, ფინური „კუპსი" 3-2 დაამარცხა. კაირატელებმა, სამი გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ამავე ტაიმის მიწურულს, სათადარიგო სკამზე წითელი ბარათი მისცეს ზარიას. ასე, რომ მას, მინიმუმ საშინაო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს „სლოვანთან". რაც შეეხება გადრანს, ქართველი დღეს, მოედანზე არ შესულა.
„კაირატისა" და „სლოვანის" პირველი რაუნდი 5 აგვისტოს, ალმა-ათში, საპასუხო კი, 12 აგვისტოს ბრატისლავაში ჩატარდება.