
საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში კიდევ ერთი ეტაპი, 1/8 ფინალი გაიმართა. 26 და 27 ივლისს, ერთი კვირის წინანდელი მოულოდნელობების მსგავსი, როდესაც გათამაშებას, შეჯიბრში ჩართვისთანავე ეროვნული ლიგის სამი კლუბი „დინამო თბილისი", „გაგრა" და „თელავი" გამოეთიშნენ, ამ ჯერზე, მოულოდნელობები არ მომხდარა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე ორ წყვილში, სწორედ ეროვნული ლიგის გუნდები დაწყვილდნენ, მეოთხედფინალში, ორით ნაკლები გუნდი გვეყოლება ელიტარული ქართული ლიგიდან.
ამას გარდა, საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე, გვაქვს ორი გადადებული შეხვედრა, რომელთაგან ერთში, სწორედ, ეროვნული ლიგის გუნდი, „იბერია 1999" და „ტორპედო" უპირისპირდებიან, აქედან ერთს, თასისთვის ბრძოლას ამ მერვედფინალური ეტაპის შემდეგ გამოეთიშება.
აქვე გეტყვით, რომ თასის გათამაშებაზე გადაიდო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც „სპაერი", თასის მოქმედი მფლობელი ფოთის „კოლხეთი 1913"-ს უნდა შეხვდეს - მიზეზი, „იბერია 1999"-სა და „ტორპედოს" მსგავსად, უეფა-ს ევროტურნირებზე მონაწილეობაა. ამ მხრივ, ერთადერთი ქართული გუნდი, რომელმაც თამაშის გადადება და შესაბამისად, უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩისთვის ტონუსში ყოფნა ისურვა გორის „დილაა".
დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალში, „დილამ" სტუმრად, წყალტუბოს „სამგურალის" წინააღმდეგ ითამაშა და ამინდის შესაბამისად მშრალი 90 წუთისა და დამატებითი ორი ტაიმის შემდეგ, პენალტების სერიაში 4-5 გაიმარჯვა.
დანარჩენი შეხვედრები კი, შემდეგი ანგარიშით დასრულდა:
„შტურმი" - „ლოკომოტივი" 1-2
„ოდიში 1919" - „სამტრედია" 0-3
„მეშახტე" - „მერანი" მარტვილი 3-1
„იბერია 2" - „რუსთავი" 2-2 (3-4)
„სიონი" - „დინამო" ბათუმი 2-2 (1-4)
გადადებულია:
„იბერია 1999" - „ტორპედო"
„სპაერი" - „კოლხეთი 1913"
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება გადადებული შეხვედრები, საქართველოს თასის მომდევნო, 1/4 ფინალის წილისყრა კი, სფფ-ში უახლოეს დღეებში ჩატარდება.