ქართული გუნდი სკოპიედან 7 მედლით ბრუნდება
ქართული გუნდი სკოპიედან 7 მედლით ბრუნდება
26.07.2025
ავტორი: TSFF.Ge


სკოპიეში დღეს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში 21-იდან 26 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.  ფესტივალში, რომლის დროსაც მედლების კომპლექტები 15 სახეობაში  გათამაშდა, 49 ქვეყნის, 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და მათ შორის ქართული გუნდიც იყო 36 სპორტსმენით წარმოდგენილი. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რომელთა ასაკიც, სხვა მონაწილეების მსგავსად 14-18 წელი იყო, 9 სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) ასპარეზობდნენ და საბოლოოდ, 7 მედალი, მათ შორის 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიგეს. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ჯუდოკები ვასილ გამეზარდაშვილი და გიორგი ზურაბაშვილი, ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე, ბრინჯაოს მედლები კი ჯუდიკებმა საბა ბოლქვაძემ, ვახტანგ ჭიაბერაშვილმა, გიორგი მუმლაძემ და იოანე  აბალაკმა მოიგეს.


აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა საქართველოს ჯუდოკათა შერეულ გუნდსაც. ქართველებმა კარგად დაიწყეს - პირველ შეხვედრაში ლიეტუველები დაამარცხეს 4-0. ამის შემდეგ, ქართველთა ნაკრებმა უკრაინის გუნდს სძლია 4-1 და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც სერბეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან 1-4 დამარცხდა (საბოლოოდ, სერბეთის გუნდმა ტურნირი მოიგო). თუმცა, ქართველები ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლაში გადაერთნენ, სადაც სერბეთზე არანაკლებ ძლიერ, საფრანგეთის ნარებს დაუპირისპირდნენ. აქ, შეხვედრის ძირითადი დრო, 3-3 დასრულდა. ბიჭებმა (გიორგი მუმლაძე (-81კგ), იოანე აბალაკი (+81 კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60კგ)), მოიგეს, გოგოებმა (მარიამ წურწუმია (-48კგ), ნანა გულბიანი (-63კგ), ნინი ძაგანია (+63კგ)),  იბრძოლეს, თუმცა, დასანანად წააგეს. ჯერი, ლოტოტრონზე დადგა სადაც, ქართველი ნინი ძაგანიას წინააღმდეგ, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის, ერთ-ერთ ლიდერი ემმა ნგუიმგო დადგა. დაძაბულ დაპირისპირებაში ფრანგმა მე-8 წუთზე მოახერხა ძაგანიას დამარცხება და საფრანგეთის ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.


დღესვე, მოგვიანებით, სკოპიეში, ევროპის XVIII  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. დახურვის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე და მძლეოსანი ლიზი მუღალაშვილი იქნებიან.