მარიამ კალანადაძე მალე ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეუერთდება
მარიამ კალანადაძე მალე ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეუერთდება
27.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მცველი მარიამ კალანდაძე საფეხბურთო კარიერას ბერძნულ „პანათინაიკოსში" გააგრძელებს. 24 წლის ქართველი ქალ ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლია მიიჩნევს, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება, მისთვის დიდი გამოცდილებაა.


„საქართველოს საზღვრებს მიღმა თამაში დიდი გამოცდილებაა და ამაზე ყოველთვის ვფიქრობდი. თუმცა, რეალური და ყველაზე საინტერესო შეთავაზებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მქონდა. როდესაც საკითხი ახალ კლუბს ეხება, ჩემთვის, კომპლექსურად ბევრი დეტალია მნიშვნელოვანი, რის გამოც რამდენიმე გუნდის უარი ვუთხარი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ტრანსფერი, საბოლოოდ, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე „პანათინაიკოსში" წარმატებით დასრულდა", - ამბობს მარიამ კალანდაძე TSFF.ge-სთან საუბარში.  


მარიამ კალანდაძე 10 წლის მანძილზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის, „ლანჩხუთის" ღირსებას იცავდა. გურულების კლუბს, აგვისტოს დასაწყისში უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს თამაში. გამომდინარე აქედან, ამ მომენტში კლუბიდან წასვლა, ბევრისთვის ცოტა მოულოდნელი იყო. „ლანჩხუთი" კალანდაძემ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.


„საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო „ლანჩხუთს" ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს პირველი დღიდან დღემდე და ასევე, მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს, ჩემი წარმატების გაზიარებისთვის. სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის, საბერძნეთში მოსამზადებელი სეზონის დაწყებისა და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით  „ლანჩხუთს" ვერ დავეხმარები ლიგის თამაშებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვუგულშემატკივრებ გულმხურვალედ!", - ამბობს მარიამი.  


კლუბის ყველა სტაჟიან და ერთგულ ფეხბურთელს, „ლანჩხუთიც" თბილად დაემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, კალანდაძე, „ოჯახში" დაბრუნდება. მანამდე კი, ქართველი ქალი ფეხბურთელი ახალი თავგადასავალისთვის ემზადება.


„სულმოუთქმელად ველოდები ახალ კლუბში ვარჯიშების დაწყებას და მთელი ძალისხმევით ვეცდები მათი მოლოდინების გამართლებას. ამ ეტაპზე ვემზადები ყველა საჭირო პროცედურის გასავლელად, რის შემდეგაც შევუერთდები "პანათინაიკოსის" გუნდს და დავიწყებ ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს", - ამბობს მარიამი.


100 წელს გადაცილებული სახელოვანი ბერძნული კლუბის ქალთა გუნდი, ისტორიას 1980 წლიდან იღებს, თუმცა, ქალთა გუნდის ისტორიაში არის წყვეტაც და ახალი სიცოცხლე 2021 წლიდან. მარიამის ახლი გუნდის შემადგენლობაში ძირითადად ბერძენი ფეხბურთელები არიან, რაც შეეხებათ ლეგიონერებს, კლუბში ქართველის გარდა, ერთი პოლონელი, ერთი შვედი და ერთიც, სერბი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბი, საბერძნეთის ქალთა A დივიზიონში თამაშობს და გასული სეზონი 52 ქულითა და მეორე ადგილით დაასრულა.


ჩვენი გვერდი წარმატებას უსურვებს მარიამს ახალ კლუბში.