
მას შემდეგ, რაც თითქმის „მთელი ეგვიპტე" დაამარცხა, თანაც, საკმაოდ დრამატულ და დაძაბულ დაპირისპირებებში მოიგო ფინალამდე მისასვლელი სამი შეხვედრა, ქართველი მოფარიკავისთვის სანდრო ბაზაძისთვის, დ'არტანიანის შთამომავალთან ფინალი იოლი გასეირნება გამოდგა. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის დასაწყისს, და ბოლოსკენ მოკლე მონაკვეთს. ასეა თუ ისე, სანდრომ დღეს, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფრანგი მოწინააღმდეგე ჟან პატრის ფილიპი 9-15 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახლა, ქართველს ერთადერთი ოცნება დარჩა ასატეხი - ოლიმპიური ოქრო...
„ძალიან რთულია სიტყვებით გამოხატო... უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩემი საყვარელი ხალხის წინ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ამაზე მაგარი არაფერია და ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ყველა პატარა ბავშვს ვუსურვებ ეს გრძნობა განეცადოს, ვინც დღეს სპორტშია და ახალგაზრდაა. იშრომონ ბევრი, რადგან ამ ყველაფრის მისაღწევად, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. არ დავნებდი, ბევრი დაბრკოლება შემხვდა ჩემი კარიერის მანძილზე, მაგრამ გადავლახე", - იტყვის სანდრო ბაზაძე პირველი კომენტარისას, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
დღევანდელი დღე კი, ბაზაძემ, შეიძლება ითქვას ერთ ამოსუნთქვაზე გაიარა. მეთექვსმეტედ ფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა ამერიკელი უილიამ მორილი 15-10 დაამარცხა. 1/8 ფინალში ბაზაძის მეტოქე ეგვიპტეს წარმომადგენელი მოჰამედ ამერი იყო, რომელსაც ქართველმა 15-11 მოუგო. 1/4 ფინალში კვლავ ეგვიპტელთან მოუწია ბრძოლა და ამჯერად, ზიად ელსისი დაამარცხა 15-13. 1/2 ფინალში ასევე ეგვიპტელი მოწინააღმდეგეს აჰმედ ჰეშამი 15-10 მოიგო და ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 22-30 ივლისის ჩათვლით, სენიორებს შორის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს რომელშიც, საერთო ჯამში, 25 ქართველი მოფარიკავე ასპარეზობს. დარჩენილი საასპარეზო განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
26 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
ხმალი ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
დაშნა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
რაპირა კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
27 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
ხმალი ქალები (პირადი),T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
28 ივლისი /10:00 საათი
რაპირა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
29 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
30 ივლისი / 10:00 საათი
დაშნა კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.