ცუდი სტარტი, კეთილი დასასრულის მოლოდინში
ცუდი სტარტი, კეთილი დასასრულის მოლოდინში
25.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართულმა გუნდებმა უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყეს. ოთხივე გუნდმა, წააგო. „იბერია 1999"-ი, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოერთო აღნიშნულ ტურნირზე, პირველ რიგში, იბერიელებისთვის მოულოდნელად დაიწყო. გასვლით შეხვედრაში, ესტონურ „ლევადიასთან" თბილისური კლუბი მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ქართული გუნდი, რომელიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, უღიმღამო თამაშში ოდნავ ჯობნიდა მეტოქეს და რეალურად თამაშგარის ზღვარზე თამაშობდა, განსაკუთრებით შეტევაში, თუმცა, ამის გარეშეც, მასპინძელი გუნდის მეკარეს, კარლ ვოლნერს, ლევან კორღალიძის შეგირდებმა, ვერაფერი მოუხერხეს. მე-80 წუთზე, შეიძლება ითქვას ერნესტ აგირის ერთ-ერთი რიგითი შესვლა ფლანგიდან გოლით დასრულდა. გიორგი მაკარიძეს, რომელიც ასევე ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ევროტურნირებზე გამართული სამი იბერიული მატჩიდან, გუნდის საუკეთესოა, აღებული ბურთი იღლიაში გაუძვრა. ამის შემდეგ, მასპინძლებს გული მიეცათ და უფრო მეტად შეუტიეს ქართული გუნდის კარს, თუმცა, ქართული კლუბის საბედნიეროდ, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. ბუნებრივია, ყველაფერს, საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც, 29 ივლისს, „მიხეილ მესხზე" გაიმართება და თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.


ალბათ, არ ეწყინებათ ევროტურნირზე მოასპარეზე ქართულ კლუბებს, მაგრამ აღნიშნულ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, ჩვენი წარმომადგენლებიდან, თუ რომელიმე კლუბს „სახე" ჰქონდა ეს, ქუთაისის „ტორპედო" იყო. ქვეყნის მეორე კლუბმა, მართალია გასვლითი შეხვედრა ასევე წააგო, კვიპროსულ „ომონიასთან", ანგარიშით 0-1, მაგრამ იმ გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც მეორე ეტაპზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე, აუცილებლად შეეცდება, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლასაც და ნიქოზიის გუნდთან, „პირადი ანგარიშის" გასწორებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ოთო გოშაძემ გოლი გაუშვა, მას მე-20 წუთზე, კვიპროსული კლუბის მონტენეგროელმა ლეგიონერმა სტივენ იოვეტიჩმა გაუტანა, ქართველი მეკარე, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მატჩის წინ, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი, დირკ შუსტერი ამბობდა, რომ ევროტურნირების სასტარტო ეტაპის შემდეგ, გუნდს დაღლა ემჩნეოდა, ამას გარდა, გაძევებული სოლომონ კვერკველიას გამო, მას, გუნდის გადახალისებაც უწევდა, თუმცა, იმედოვნებდა, რომ სეზონის პირველ შეხვედრას, „ომონია" მეტ-ნაკლებად სასურველ ფორმაში ვერ შეხვდებოდა. ასე თუ ისე, პირველი რაუნდი, „ომონიამ" მოიგო და ახლა, ყველაფერი 31 ივლისს, 21:00 საათიდან გადაწყდება. იმედია, ქართულ გუნდს, დაცვაში, საპასუხო შეხვედრაში, უფრო ნაკლები შეცდომა ექნება, ვიდრე ეს, წინა დღევანდელი შეხვედრისას იყო.


წააგო გორის „დილამაც", რომელიც ჩვენი აზრით, საპასუხო შეხვედრაში, რომელსაც 31 ივლისს საკუთარ კედლებში გამართავს, საბოლოოდ გადალახავს ბარიერს. პირველი შეხვედრა კი, ლატვიაში,  „რიგასთან"  ქართულმა კლუბმა 1-2 წააგო. ანგარიში მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, მე-6 (!) წუთზე გაიხსნა. გოლი, რეჯინალდო რამირესმა გაიტანა. სხვათა შორის, ამ ტაიმში, მასპინძლებს ერთი გოლი გაუუქმეს. თუმცა, 66-ე წუთზე, იაგო სიკეირამ, ვისაც პირველ ტაიმში გაუუქმეს, მაინც გაიტანა. შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე გორელებმა მაინც მოახერხეს გატანა. ერთი გოლი, „დილას" ლეგიონერმა, ტეო ბასინგამ გაქვითა. ყველაფერი კი, 31 ივლისს, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება.


სადებიუტო მატჩის კვალობაზე, გასვლით შეხვედრაში, ვენის „აუსტრიასთან" 2-0 წაგებული შედეგი, ბუნებრივია, ქართული ლიგა 2-ის წარმომადგენელი „სპაერისთვის" არაა ურიგო შედეგი. ბუნებრივია, ერთის მხრივ წყვილში, სადაც ფავორიტი ავსტრიული კლუბი იყო, მეორე მხრივ კი, ქართული გუნდი, რომელსაც სხვა თუ არაფერი, ევროტურნირებზე, სადებიუტო მღელვარების გადალახვაც უწევდა, ჩვენი მოსაზრებით, ამოცანას კარგად გაართვეს თავი. სწორედ, ამ მღელვარებას მივაწერთ, მე-8 წუთზე, მანფრედ ფიშერის მიერ გატანილ გოლს, რომლის შემდეგაც მასპინძელი გუნდი დაწინაურდა. თუმცა, ავსტრიელებმა, საპასუხო მატჩის წინ, მეტ-ნაკლებად კომფორტი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, დომინიკ ფიტცის გატანილი პენალტით შეიქმნეს. ეს გუნდები, 31 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე „მიხეილ მესხი 2"-ზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.