„კვარტალმა“ ზედა ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდა
„კვარტალმა“ ზედა ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდა
24.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის 2025 წლის გათამაშებაში, რეგულარული ჩეპიონატის დასრულებამდე ზუსტად ერთი ტური რჩება. ამის შემდეგ, გუნდები ორ ჯგუფად, ზედა და ქვედა ჯგუფებად გაიყოფიან და შესაბამისად, ზედა მედლებისთვის ბრძოლა, ქვედა ჯგუფი კი, ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გააგრძელებს ასპარეზობას. გათამაშების ამ ეტაპის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ გუნდებს, ჯგუფებში ის მონაცემები გადაჰყვებათ რეგულარული ჩემპიონატიდან, რომელიც ჯგუფში მყოფ გუნდებთან ურთიერთ შეხვედრებისას აქვთ ნაჩვენები.


სწორედ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა ჩატარდა დღეს ქალთა ლიგაში თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, სადაც თბილისურმა „ელიტამ", დედაქალაქის კიდევ ერთ გუნდს, „კვარტალს" უმასპინძლა. საკმაოდ თანაბარ პირველ ტაიმში, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მასპინძლებს ჰქონდა, თუმცა, გუნდის ლეგიონერმა იამურ იალვაჩმა, 21-ე წუთზე 11-მეტრიანი გააფუჭა. ამ მომენტიდან დაახლოებით 10 წუთში კი, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 33-ე წუთზე სტუმარი გუნდის და ჩემპიონატის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მოთამაშემ, მარიამ გასანოვამ ანგარიში გახსნა და „კვარტალი" დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროს პირველ წუთზე, კუთხურიდან გაიტანა ლიზი გოგალაძემ.  „კვარტალმა" პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით წააგო, შესაბამისად, მეორეში შეეცადა ამ ანგარიშის შენარჩუნებას. ზოგადად, თამაში სანახაობრივი გამოვიდა, მეორე ტაიმში, უფრო აქტიურები მასპინძლები აღმოჩნდნენ და მეტად ეცადნენ თამაშის გადარჩენას. ერთ-ერთ მომენტში კი, კიდევ ერთი პენალტის უფლება მოიპოვეს. ამჯერად, გამოცდილი ლანა გორგაძე, რომელიც „ელიტას", „სამეგრელოდან" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ზუსტი აღმოჩნდა და ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, მეტი „ელიტამ" ვეღარ მოახერხა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.


საინტერესოა, რომ ამ შეხვედრამდე, „ელიტას" 25 ქულა ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იყო. 26 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდა „ბათუმთან" ერთად, „კვარტალი". ამასთან, გადადებული თამაშის გათვალისწინებით, სწორედ, დღევანდელ მატჩს, ბოლო ტურის წინ ბევრი რამისთვის უნდა მოეფინა ნათელი. საბოლოოდ, ერთი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში, 29 ქულა დააგროვა და ზედა ოთხეულში თამაშის უფლება გაინაღდა „კვარტალმა". რაც შეეხება „ელიტას", ის „ბათუმთან" ერთად, ბოლო ტურში შეეცდება ზედა ჯგუფში დარჩენილი ერთი ადგილი შეავსოს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ელიტა" ქუთაისის „მართვეს" თბილისში უმასპინძლებს. ბათუმში კი, „ბათუმი", ჩემპიონატის ლიდერს, „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლებს.


აქვე გეტყვით, რომ 27 ივლისს, ბოლო ტურში კიდევ სამი თამაში გაიმართება:

„ლანჩხუთი" - „ვერე"

„კვარტალი" - „სამეგრელო"

„რაჭა 2020" - „ნორჩი დინამო"