ნაკრებმა მე-9 ადგილზე, თეკლამ კი, ბომბარდირებში, მე-11 ადგილით დაასრულა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი
ნაკრებმა მე-9 ადგილზე, თეკლამ კი, ბომბარდირებში, მე-11 ადგილით დაასრულა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი
21.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თელავში, 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა  ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა, ტურნირის გამარჯვებული კი, უკრაინის გოგონათა ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ყველა შეხვედრა მოიგო. ფინალში კი, უკრაინელებმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, 28-23 სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხეს და აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.


ტურნირს, რომელსაც 8 დღის მანძილზე თელავის სპორტის სასახლე მასპინძლობდა და საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა საერთო ჯამში 10 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა სიმბოლური ნაკრები და რაღა თმა უნდა საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს. ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის MVP კი, უკრაინელი ლუიბოვ როსოშკა გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში, გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.



გოგონათა შორის 19-წლამდე EHF ჩემპიონთა ყველა ვარსკვლავის გუნდში კი, სართო ჯამში 6 ქვეყნის მოთამაშე აღმოჩნდა და სიმბოლური ნაკრები, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:


მეკარე: მარგერიტა დანტი (იტალია)

მარცხენა კუთხე: ნინა ლეტკოვა (სლოვაკეთი)

მარცხენა უკანახაზელი: ვანესა ლაკატოში (უკრაინა)

გამთამაშებელი: ლიობოვ როსოშკა (უკრაინა)

ხაზის მოთამაშე: იადე პუტი (ბელგია)

მარჯვენა უკანახაზელი: ანე მოპიბო მბულუკა (ლუქსემბურგი)

მარჯვენა კუთხე: ჩაირა პრიოლო (იტალია)

მცველი:  ანასტასიია პარხომენკო (უკრაინა)


ჩემპიონატის ბომბარდირი, როგორც ჩვენ, ტურნირის დასკვნით დღეს ვივარაუდეთ, ბულგარელი მელინა სპასოვა გახდა, 54-ე გატანილი გოლით. მისთვის გადასწრების შანსი მხოლოდ, ლაურა ციუფოლის ჰქონდა, თუმცა, ლუქსემბურგელმა ამ დღეს 5 გოლზე მეტი ვერ გაიტანა, ეს კი, არ აღმოჩნდა საკმარისი, მას ბულგარელისთვის გადაესწრო. 35 გატანილი გოლით, მე-11 შედეგი აჩვენა ჩვენმა თეკლა ძამუნაშვილმა.



რაც შეეხება ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს - მესამე ადგილი იტალიის ნაკრებმა დაიკავა, რომელთაც სხვათა შორის ქართველ გოგონებს ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საკმაოდ თანაბარი და დაძაბული შეხვედრა ჰქონდათ და რომელიც, მხოლოდ, ორი ბურთით 24-22 წავაგეთ. ბრინჯაოს მედლებისთვის კი, იტალიელებმა ბელგიის ნაკრებს 6 ბურთით, 32-26 სძლიეს.


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა. 


ფოტო: EHF via @gigalo