
დღეს, საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლის წინა ტურია. უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" და მიმდინარე გათამაშების ლიდერი „ნიკე-ლუსო" მედლებისთვის ბრძოლას ზედა ოთხეულში გააგრძელებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ბოლო ტურამდე გაჭირდება ზედა ოთხეულის დარჩენილ ორ ადგილს, ოთხიდან, „კვარტალი", „ელიტა", „ბათუმი" და „სამეგრელო" რომელი დაიკავებს. ამასთან, „კვარტალსა" და „ელიტას" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და ბევრ საკითხს, დღევანდელი ტურის მიღმაც, ალბათ, 24 ივლისს ჩანიშნული, ამ ორი გუნდის დაპირისპირება გადაწყვეტს.
მანამდე კი, „კვარტალისა" და ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გერმანიაში იმყოფება. როგორც უკვე ჩვენი გვერდი იუწყებოდა (იხილეთ ბმული), 18 წლის ქართველი ნახევარმცველი, თინათინ ამბალია, გერმანიაში, ლევერკუზენში იმყოფება, სადაც „ბაიერ ლევერკუზენის" ქალთა გუნდში ტესტ-კვირას გადის. აღნიშნულის ფარგლებში კი, ქართველმა ხუთშაბათს, „აიაქსის" ქალთა გუნდის წინააღმდეგაც ითამაშა.
„გერმანიაში, საქართველოსთან შედარებით, ძალიან განსხვავებული მიდგომები, ინფრასტრუქტურა, საქმისადმი დამოკიდებულება აქვთ და პროფესიონალიზმიც იგრძნობა. ტემპი, ყველაზე გამოკვეთილად გამიჭირდა. ახლა მიმდინარეობს ჩემი აგენტისა და გუნდის წარმომადგენლების მოლაპარაკება, დეტალები აღარ ვიცი", - ამბობს ჩვენთან ლაპარაკში თიკო.
აღსანიშნავია, რომ „ლევერკუზენმა", რომლის ფეხბურთელების დიდი ნაწილი ტრავმირებულია, ნაწილი ქალთა ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ევროპის ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობს, მოსამზადებელი ეტაპის პირველი ორი მატჩი წააგო. ამჯერად კი, „აიაქსის" დამარცხება 1-0 მოახერხა. გერმანელებმა გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს. რაც შეეხება ამბალიას, გერმანულ გუნდში, როგორც კლუბის ვებ-გვერდი იტყობინება, საქართველოდან სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმაც მიიღო მონაწილეობა. ამბალიამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის მე-19 წუთზე შეცვალეს. თუმცა, სპარინგის შეთანხმებიდან გამომდინარე, ქართველი თამაშში 79-ე წუთიდან კვლავ ჩაერთო. ამ შეხვედრის შემდეგ, „ბაიერ ლევერკუზენის" ქალთა გუნდი, საწვრთნელი სესიის მეორე და დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე, 14 დღით შესვენებაზე გაუშვეს. თიკოს, ამბები კი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა.