
იური ლომაძე უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია. ბუდაპეშტში მიმდინარე შეჯიბრში, დღეს, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.
ქართული გუნდიდან, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე 11 სპორტსმენით არის წარმოდგენილი 6 წონით კატეგორიაში დღეს, მხოლოდ ერთ წონაში ვასპარეზობდით - 72 კგ-ში, სადაც სამი ქართველი, იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე ასპარეზობდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, წონითი კატეგორია იური ლომაძემ მოიგო, რომელმაც ფინალში უზბეკი აბდულო ალიევი 8-2 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა მედლამდე პირველ შეხვედრაში ნორვეგიელი სებასტიან ააკი 9-0 დაამარცხა. ამის შემდეგ, მოუგო აზერბაიჯანელ რუსლან ნურულაიევს 10-0, 1/2 ფინალში თანაგუნდელ, გიორგი ჩხიკვაძეს გადაყარა. მოგვიანებით ჩხიკვაძემ, ნურულაიევთან წააგო, ლომაძემ კი, ბუდაპეშტის საერიტინგო ტურნირი მოიგო. სხვათა შორის, ეს იურის მიერ 2025 წელს მოგებული მეორე სარეიტინგო ტურნირია და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც სექტემბერში ხორვატიაში გაიმართება, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. დიდი ალბათობით, წონის ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატზე სწორეს ქართველი იქნება.
დღესვე, ბირინჯაოს მედალი მოიგო ოთარ აბულაძემ, ასე რომ კლასიკებიდან დღეს ორი მედალი დავაგროვეთ.
ხვალ, ჩვენები 5 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
ფოტო: UWW