სამი მედალი საერთაშორისო ტურნირიდან...
სამი მედალი საერთაშორისო ტურნირიდან...
19.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

16-დან 22 ივლისი ჩათვლით, თურქეთში, სამსუნის რეგინში ახალგაზრდა მეკლდეურთა ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოც არის წარმოდგენილი. ფესტივალის ორგანიზატორთა აზრით, ახალგაზრდა მეკლდეურების შეკრება, არა მხოლოდ სპორტულ შედეგებს, არამედ, სპორტის ამ სახეობაში, ახალგაზრდა მეკლდეურების დამეგობრებასაც ემსახურება.


ტურნირის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით ფესტივალში თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და რუსეთის (გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი არ ტარდება საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, შეზღუდვა, რომელიც რუსეთის წარმომადგნელების მიმართ არის შემოღებული, რუსეთის მიერ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, არ ვრცელდება - სარედაქციო შენიშვნა) ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მეკლდეურები.


ასევე ტურნირის ოფიციალური გვერდის მიხედვით, შეჯიბრები და შესაბამისად, გამარჯვებულები გამოვლინდებიან გოგონებსა და ბიჭებს შორის, რამდენიმე ასაკობრივ (2007-2008 / 2009-2010 / 2011-2012)კატეგორიაში, როგორც რთულ ცოცვაში, ასევე ბოლდერინგში.


თავდაპირველად კი, მედლების კომპლექტები რთულ ცოცვაში გათამაშდა. დღეს, სამსუნში, „ათათურქის სპორტულ დარბაზში" მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა და უმცროთ ასაკში, საქართველოს ფილმიც აჟღერდა - ტურნირის გამარჯვებული ლუკა ქირიკაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი, დაჩი ავსაჯანიშვილი გავიდა. ორივე მეკლდეური ყაზბეგის რაიონს წარმოადგენენ.


კიდევ ერთი მედალი, ბრინჯაოსი ნიკოლოზ კომახიძემ მოიგო - უფროს ასაკში მოასპარეზე ნიკოლოზი, რომელიც ყოფილი მეკლდეურის, საქართველოს მრავალგზის გამარჯვებულისა და პრიზიორის გიორგი კომახიძის შვილია, ოჯახური ტრადიციების მიუხედავად სპორტის ამ სახეობაში ფეხს ახლა იდგამს - საქართველოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, პირველ საერთაშორისო ტურნირზე, კომახიძე, პირველი ორი მცდელობის შემდეგ ლიდერობდა, თუმცა, ფინალის დროს, ქართველს, როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და მარშრუტიდან მოწყდა, ამით კი, ოქროს მედლის მოგების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.


თუმცა, გამოცდილება გვჯერა დროსთან ერთად მოვა, თუკი, შესაბამის ფედერაციას ხელშეწყობის გარდა, ექნება კონკრეტული გეგმები, მითუმეტეს, რომ სახეობა ოლიმპიურია და შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებაც, ნებისმიერი სპორტსმენის მიზანი უნდა იყოს.


და ბოლოს, ხვალ ტურნირზე შესვენებაა, ზეგ კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, სტარტს ბოლდერინგის შეჯიბრი აიღებს.