
ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ჭიდაობაში ქართულმა გუნდმა კიდევ ერთი მედალი მოიგო. ამჯერად, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მირიან მაისურაძეს ოქროს აღების შანსი ჰქონდა, თუმცა, 92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, ამერიკელ ტრენტ ნეიმონდ ჰიდლეისთან, 7-2 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მირიანმა საწყის ეტაპზე ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე ბელარუსი იარასლაუ იასკოუსკი 10-0 დაამარცხა. 8-0 სძლია იტალიელ ბენჟამინ კონრად ონისს, ნახევარფინალში კი, ტურნირის მასპინძელი უნგრეთის სახელით მოასპარეზე მუსა არსუნკაევს მოუგო 10-0.
საერთო ჯამში, უნგრეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული გუნდისთვის, მაისურაძის ვერცხლი, მეოთხე მედალია. ტურნირის გამარჯვებული ერთი დღით ადრე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი, აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს. ბუდაპეშტში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, 14 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილები.
უკვე ხვალიდან ბუდაპეშტში, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან:
60 კგ - ამირან შავაძე, ფრიდონ აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი, ლერი აბულაძე
72 კგ - იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე
77 კგ - რამაზ ზოიძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
97 კგ - გიორგი მელია, გიორგი ქაცანაშვილი
განრიგი:
19 ივლისი - ბ/რ 72-87-130 კგ
20 ივლისი - ბ/რ 55-60-63-67-77-82-97 კგ
ფოტო: UWW