მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები 2026 წელს კვლავ ჩამოვლენ საქართველოში...
მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები 2026 წელს კვლავ ჩამოვლენ საქართველოში...
18.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

ერთ ნაბიჯში ეროვნულ ნაკრებამდე, სწორედ, ასეთი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს ტურნირს, რომელიც  2017 წლის შემდეგ, კვლავ ჩატარდება საქართველოში. ისევე, როგორც 2026 წელსაც, საქართველო, კერძოდ კი, თბილისი და ქუთაისი, ასაკობრივი გუნდების ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირს, რაგბიში 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.


ეროვნული ნაკრებების სამჭედლო ტურნირზე, საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ისე, როგორც ეს ტურნირის დაარსების პირველ წლებში 2008 და 2009 წლებში იყო. ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს, „გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობენ - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი".


ქართულ სარაგბო ოჯახში მიაჩნიათ, რომ 2017 წელს, ჩვენთან ჩატარებული ტურნირი ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. ბორჯღალოსანთა დღევანდელ შემადგენლობაში კი, იმ გუნდიდან ბექა საღინაძე, თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, ბექა გიორგაძე, გელა აფრასიძე და კიდევ სხვები, ახალ თაობებს ტონუსს აძლევენ.


2017 წელს, 20-წლამდეთა მე-10 ჩემპიონატის დასრულების შემდეგ (გემახსოვრებათ, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ქუთაისში „აია არენამ" და თბილისში  „ავჭალის" სტადიონმა, ფლეი-ოფებსა და ფინალურ შეხვედრას კი „მიხეილ მესხმა" უმასპინძლა), მსოფლიო რაგბიმ, საქართველოში ჩატარებულ ტურნირს, უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული 20-წლამდეთა ჩემპიონატი უწოდა. მაშინ, ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, ფინალში კი, ახალმა ზელანდიამ, 64-17 ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 20-წლამდეთა შორის.