
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ოთხი კლუბით იქნება წარმომადგენელი. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი „სპაერი" და ევროტურნირებზე, სადებიუტო შეხვედრას გასვლაზე, „აუსტრია ვენას" წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999"-მაც, მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგაზე გადმოინაცვლა და ასევე, გასვლით შეხვედრაში ტალინის „ლევადიას" დაუპირისპირდება.
აი, გორის „დილა" და ქუთაისის „ტორპედო" კი, ქართული ფეხბურთისთვის ოცნებად ქცეულ, ჯგუფურ ეტაპზე გზას ბრძოლით მიიკვლევენ.
გორის „დილა"
დავიწყოთ გორული კლუბით, რომლის სათამაშო სტადიონს, კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის კოსმეტიკური „რეაბილიტაცია" ჩაუტარდა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით კი, 2025 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია იგეგმება, რომლის შემდეგაც სტადიონზე გულშემატკივრის ტევადობა 25000-მდე გაიზრდება. თუმცა, მანამდე, არსებული რესურსითა და თითქმის სავსე ტრიბუნების თანდასწრებით, „დილამ", ლუქსემბურგის „უნიონ ლუქსემბურგი", რომელიც რეალურად, მთელი ტაიმ-ნახევარი 10 ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშობდა, მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებულ პირველივე წუთზე, 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული სენეგალელი იბრაიმა დრამეს გოლით 1-0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამშიც 3-1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„ვთლი, რომ ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმიდან, ჯერ კიდევ შორს არის, იყო ხარვეზები რომელიც ,,რიგასთან" მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ერთი შეხედვით, როდესაც მეკარე გააძევეს, ამ გარემოებას, მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა, თუმცა, მათ, ამის შემდეგ, თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც გარკვეული ამოცანების შესრულება შედარებით გაგვირთულა. როდესაც „დილაში" მოვედი, გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს - ის მონდომება რაც ამ გუნდისგან ჩანს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია", - ამბობს თამაშის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას დიეგო ლონგო, „დილას" მთავარი მწვრთნელი.
მოგეხსენებათ, 35-ე წუთზე, სტუმართა გუნდის მეკარემ, ფრანგმა რომენ რუფიემ, საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა, მსაჯმა კი, მას, პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა. თუმცა, სტუმართა გუნდში, შეცვლაზე შემოსულმა მეკარემ, რომელმაც რამდენიმე კარგი ბურთი აიღო, არ მისცა გორელებს 91-ე წუთამდე გოლი გატანის შესაძლებლობა. მატჩის შემდეგ, გორელთა თავკაცი იტყვის, რომ მომდევნო შეხვედრისთვის, ბევრი რამე ექნება მის გუნდს გამოსასწორებელი. მომდევნო შეხვედრას კი, დილა გასვლაზე, ლატვიაში „რიგას" წინააღმდეგ გამართავს.
ქუთაისის „ტორპედო"
„მძიმე ღამის" შემდეგ, რაც შიმკენტში, თამაშის ღამეს ქართულმა კლუბმა „გადაიტანა" - კადრები, სადაც მასპინძელი კლუბის ფანები „ტორპედოს" სასტუმროს წინ ხმაურობდნენ და ფოიერვერკებს უშვებდნენ, სოციალური ქსელით გავრცელდა და ეს იყო პასუხი იმის, რაც ერთი კვირით ადრე, ქუთაისელმა გულშემატკივარმა იმ სასტუმროს წინ მოიმოქმედა (მანქანების გაბმული საყვირები, მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები), რომელშიც ყაზახური „ორდაბასის" გუნდი იყო განთავსებული და ეს მასალაც, სოციალური ქსელით გავრცელდა - მოკლედ, სოციალური ქსელით „აგორებული" ხმაურიანი ღამის შემდეგ, ანგარიში, მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა შორეული დარტყმით გახსნა და ქართული კლუბებისთვის და მათ შორის „ტორპედოსთვისაც", უხერხულ მეტოქეს მიანიშნა, რომ Kazhimukan Munaitpasov-ის სტადიონიდან, იმერული კლუბი, მხოლოდ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის წასაღებად იყო მისული. მაშინაც კი, როდესაც მსაჯმა, 49-ე წუთზე საბა კვერკველია გააძევა და კიდევ „ტონა" დრო დაუმატა თამაშს, რომელშიც, 10-კაციან „ტორპედოს" მასპინძლები კი აწუხებდნენ, მაგრამ ოთო გოშაძის ბარიერს ვერ გადიოდნენ.
„უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ. დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე. მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას,"- ამბობს მატჩს შემდეგ, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი.
„გოშას" კი, მაინც გაუტანეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე და ამის შემდეგაც ბულგარელმა მსაჯმა, როგორც იქნა გაიხსენა, რომ არსებობს „სასტვენი". შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში ქართულმა კლუბმა 5-4 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც კარგად ნაცნობ კვიპროსულ კლუბს, „ომონიას" დაუპირისპირდება. აღნიშნული ევროტურნირის 2024-2025 წლების გათამაშებაში, ტორპედოელები სწორედ, კვიპროსულმა კლუბმა გამოთიშა ასპარეზობას. ქართული კლუბი, პირველ შეხვედრას სტუმრად ითამაშებს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 24 და 31 ივლისს გაიმართება.
სტატია რედაქტირებული 18 ივლისს, 02:00
გამოყენებულია: „დილასა" და „ტორპედოს" ფოტოები