
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, თელავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრა წააგო და წააგო კვლავ ბრძოლაში, 3 ბურთით 28-31 (მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი), ამჯერად დიდი ბრიტანეთის გუნდის წინააღმდეგ.
არ გამიბრაზდებიან ჩვენი ხელბურთელი გოგონები, თუ ვიტყვი, რომ ამჯერად, საქმე თავად გავირთულეთ, როდესაც მეტოქეს პირველ ტაიმში 9 ბურთით გაქცევის საშუალება მივეცით. ბრიტანელები, საკმაოდ კარგ დაცვას გვეთამაშებოდნენ, საპირისპიროდ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი წვრილმანი ხარვეზი და ალბათ, ჩვენი გუნდის მეკარის ანანო გაწერელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება რომ არა, ანგარიში, ბევრად დიდი იქნებოდა. აქვე გეტყვით, რომ მთლიანად თამაშში, ანანომ 11 ბურთი მოიგერია.
თუმცა, პირველივე ტაიმის მიწურულს, ქართველმა გოგონებმა მოახერხეს კონცენტრაცია და ნელ-ნელა ანგარიში შეამცირეს. პირველი ტაიმი, მხოლოდ ხუთი ბურთით 14-19 წავაგეთ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენი გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი დიანა არაბიძე იყო 6 გატანილი გოლით.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეორე ტაიმის დასაწყისში. ქართველმა გოგონებმა ნელ-ნელა სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს და რამდენჯერმე სხვაობა 1 ბურთამდეც დაიყვანეს (20-22 / 27-28 / 28-29) თუმცა, ამის იქით, ბრიტანელებს პირველ ტაიმში დაგროვებული „ფორა" ეყოთ, ჩვენებს კი, ძალა და დრო აკლდა, რომელსაც ბუნებრივია, ნერვიულობაც თან ახლდა.
სხვათა შორის დღევანდელ შეხვედრაში, მონაწილეობა არ მიუღია, თეკლა ძამუნაშვილს, რომელსაც ორი შეხვედრის შემდეგ 15 გოლი ჰქონდა გატანილი და ტურნირის ბომბარდირთა სამეულში იყო. მის გარეშე კი, 20 მცდელობიდან 12 გოლი, დიანა არაბიძემ გაიტანა (#88). საბოლოოდ, დიანა, მატჩს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი კი, მას ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, მიხეილ ბახბახაშვილმა გადასცა, რომელიც დღეს, თელავში მიმდინარე ტურნირს დაესწრო.
ჩვენი გუნდიდან დღეს თავი გამოიჩინეს: მარიამ ლეფარიძემ (#7 / 4 გოლი), მარიამ ოდიკაძემ (#10 / 3 გოლი), გვანცა რურუამ (#11 / 2 გოლი), ანა კოვზირიძემ (#31 / 2 გოლი), ლიზი ქაჯაიამ (#47 / 2 გოლი), ნატალი გაზაშვილმა (#3 / 1 გოლი), ლიზი კვესელავამ (#5 / 1 გოლი) და ლიზი ჯანდიერმა (#21 / 1 გოლი).
დღევანდელი დღის დანარჩენი შეხვედრების შედეგები ასეთია:
სლოვაკეთი - კოსოვო 26-22
უკრაინა - ისრაელი 29-21
ბულგარეთი - იტალია 30-40
ლუქსემბურგი - ბელგია 28-34
და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დაგეგმილ მე-4 შეხვედრას, 16 ივლისს, კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი, თბილისის დროით, 16:30 საათზე დაიწყება.