
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „იბერია 1999"-ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართულმა გუნდმა, ორი შეხვედრის ჯამში, შვედურ „მალმესთან" 6-2 წააგო. ამ გუნდების პირველი რაუნდის მსგავსად, ლევან კორღალიძის შეგირდებმა, ამჯერადაც 3-1 წააგეს. თუმცა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შედარებით კარგი პირველი ტაიმი ითამაშეს. აი, რაც მეორეში მოხდა კი, პირადად ჩვენი მოსაზრებით და განსაკუთრებით, დისციპლინის თვალსაზრისით, ვერანაირ კრიტიკას უძლებს. დიახ, გვესმის რომ ქართული გუნდია, აქცენტები, დადებითზე უნდა გავაკეთოთ და ახლაც, გვერდში დგომა და მოფერება უნდა, მაგრამ ალბათ, სათქმელიც უნდა ითქვას. მითუმეტეს, თუკი, ამავე სოციუმში, ერთი კლუბის და კიდევ, ზოგადად თუ ფეხი წაუცდა, საფეხბურთო ნაკრებების (სხვა სპორტში, ყველგან პოულობენ გამართლებას, წაგებაშიც კი) ბულინგიც კი, შეუძლია ყველას, „ხსნილია" და მეორე, აი, იმ სხვა სპორტის სახეობებივით არის... იქნებ, ასეთი დათვური სამსახურების ხანა ქართულ საკლუბო ფეხბურთში დასრულდეს?!
დღევანდელ მატჩამდე, ლევან კორღალიძემ აღნიშნა, რომ პირველ შეხვედრაში მისი გუნდი უფრო თამამი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს ეს „სითამამე", პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლი, მოწინააღმდეგე გუნდთან კამათში უფრო გამოჩნდა, ვიდრე, მშრალ სტატისტიკაში, რომელსაც უეფა-ს გვერდი ზოგადი სტატისტიკის სახით აქვეყნებს ხოლმე. „მალმემ", საქართველოს კარის მიმართულებით 15-ჯერ დაარტყა, აქედან, კარის ჩარჩო მიმართულებით 8-ჯერ. ჩვენ, კარის ჩარჩოს მიმართულებით, მხოლოდ ორჯერ. ვინ იცის, იბერიელთა დაცვა, ცოტა უფრო მეტად ყურადღებით, რომ ყოფილიყო, იქნებ, გიორგი მაკარიძეს, რთული „სეივების" შემდეგ, ვინმე წაშველებოდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში ერთი გოლი, მეკარის საჯარიმოში ისეთ „ორპირში" გაატარა ქართულმა კლუბმა, თბილისში დარჩენილ და სიცხით გათანგულ ქომაგებს, რომ ესიამოვნებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ქართული გუნდის კარში გასული გოლები, არავის უხარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან გამოვარდნილი „იბერია 1999"-ი, ევროტურნირებს არ გამოეთიშება და უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, ქართული გუნდის ორი მარცხი ევროტურნირების ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სასტარტო ორ შეხვედრაში, ნამდვილად მტკივნეულია.
კიდევ ერთი ყურადსაღები დეტალი - „მალმემ" ამ შეხვედრაში კუთხური ცხრაჯერ ჩააწოდა, ქართულმა გუნდმა არც ერთხელ (!). ერთი, გოლი, სწორედ კუთხურის შემდეგ გაგვიტანა პონტუს იანსონმა მე-60 წუთზე. ამ მომენტამდე 5 წუთით ადრე, 55-ე წუთზე, ალის უკვე ჰქონდა გოლების ათვლა დაწყებული და მოგვიანებით, 89-ე წუთზე, მან დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მასპინძელთა მიერ გატანილ პირველ და ბოლო გოლებს შორის, იყო ჩვენი გუნდისთვის, საკმაოდ არასასიამოვნო მომენტი - გაძევებული გიზი მამაგეიშვილი და საერთო ჯამში, 5 ყვითელი ბარათი, საიდანაც ერთ მომენტში, მსაჯმა, გიორგი ტაბატაძე და შესაბამისად, „იბერია 1999", დაინდო და მხოლოდ, ყვითლით შემოიფარგლა.
და ისევ, კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, ამ საპასუხოს შეხვედრის დადებით მომენტად, რაც შეიძლება კიდევ მივიჩნიოთ, 66-ე წუთზე ბაქარ ქარდავას ნაცვლად შემოსული გიორგი ძაგანიას პრესტიჟის გოლია, რომელიც ფეხბურთელმა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე გაიტანა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „იბერია 1999", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას კი, გამოეთიშა, თუმცა, კონფერენს ლიგაზე აგრძელებს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტალინის „ლევადიას" შეხვდება, რომელიც თავის მხრივ, ლაშა ოდიშარიას რიგის რფს-მ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას. „ოდიშა", რომლის რიგულმა კლუბმა დღესაც გაიმარჯვა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე გააგრძელებს ასპარეზობას და სწორედ შვედურ კლუბს დაუპირისპირდება.