„ნიკე-ლუსო“ და „ლანჩხუთი“ მედლებისთვის იბრძოლებენ - კიდევ ორი გუნდის ვინაობა კი, ბოლო ტურებში გაირკვევა
„ნიკე-ლუსო“ და „ლანჩხუთი“ მედლებისთვის იბრძოლებენ - კიდევ ორი გუნდის ვინაობა კი, ბოლო ტურებში გაირკვევა
14.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კვირას ქალთა ლიგის მე-16 ტური გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მხოლოდ, ორ კლუბს, „ნიკე-ლუსოსა" და „ლანჩხუთს" აქვს გარანტირებული დარჩენა, რაც ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ზედა ჯგუფში მოხვედრისა და მედლებისთვის ბრძოლის შანსი, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კიდევ ოთხ გუნდს „ელიტას", „კვარტალს", „ბათუმსა" და „სამეგრელოს" აქვს, თუმცა, ამ ოთხეულიდან, ივლისის ბოლოს მხოლოდ, ორი მოახერხებს ამის გაკეთებას. მანამდე კი, უჩვეულო სიცხეში, მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.


თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა", რომელიც წელს, გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერს და კვლავ შემადგენლობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ „ნიკე-ლუსოს" დაუპირისპირდა. მაგალითად, „კვარტალის" შემადგელობაში, 13 წლის მარიამ დარჩიაშვილმაც ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ მასპინძელ გუნდს, ამ შეხვედრაში თინათინ ამბალიაც აკლდა, რომელსაც დღევანდელ ტურამდე 23 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერს თეონა ბაქრაძეს, დღეს, კარგი შანის ჰქონდა „გაქცეოდა" მეტოქეს, თუმცა, ბაქრაძე ამ შეხვედრაში „ასისტებით" შემოიფარგლა. სტუმართაგან პოკერი კი, კლუბის ლეგიონერმა გაბი და სილვამ (1', 13', 45'+1, 77') შეასრულა. ანგარიშის მიღმაც სტუმრებმა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე და რეალურად, თეონა სუხაშვილს, რომელიც ამ შეხვედრაში „ნიკე-ლუსოს" კარს იცავდა, დიდად საქმე არ ჰქონია, განსხვავებით, „კვარტალის" მეკარისგან, ლიკა ცუხურკაიძისგან, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი კარი, მათ შორის, არ გაატანინა თეონა ბაქრაძესაც. საბოლოოდ, „ნიკე-ლუსომ" 0-4 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა.


მორიგი სამი ქულა ჩაიწერა „ლანჩხუთმაც", რომელმაც სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში, ქუთაისის „მართვეს" 9-0 მოუგო. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ლანჩხუთელებს, უკვე ხუთბურთიანი სხვაობით მიჰყავდათ თამაში. ყველაფერი კი, კლუბის კოლუმბიელი ლეგიონერის ტელესის სწრაფი გოლით დაიწყო, რომელიც ფეხბურთელმა პირველივე წუთზე გაიტანა. მე-10 წუთზე ეთერ სულაშვილმა პენალტით დააწინაურა მასპინძელი კლუბი, 30-ე წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. ამ ტაიმის ბოლო 15-წუთეული კი, გამოცდილი ლელუ ჭიჭინაძის (33', 42', 45' 88') იყო, რომელმაც ტაიმის დასრულებამდე ჰეთ თრიქი გაიფორმა, მატჩის ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საკუთარი გატანილი გოლების რაოდენობა მიმდინარე ჩემპიონატში 22-მდე გაზარდა. სხვათა შორის, მოქმედი ჩემპიონის რიგებიდან, 22 გოლი აქვს გატანილი ეთერ სულაშვილსაც. ამ შეხვედრაში კი, თავი ანანო წიქარიძემაც გამოიჩინა მე-60 წუთზე. ერთი გოლით კი, გურულებს სტუმრები დაეხმარნენ, როდესაც, 70-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრეს.



ამბროლაურში, ამბროლაური - აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, ზედა ჯგუფში მოხვედრის კიდევ ერთმა კანდიდატმა, „ბათუმმა" 0-2 დაამარცხა ადგილობრივი „რაჭა 2020". ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდიდან მე-19 და 69-ე წუთებზე ელენე ბოლქვაძემ გაიტანა. 16 ტურის შემდეგ, აჭარულ გუნდს 23 ქულა აქვს და დარჩენილ ორ თამაშში, სატურნირო ცხრილის გამორჩეულად ლიდერ და აუტსაიდერ გუნდებთან დარჩა სათამაშო.


თბილისის „ელიტამ" კი, რომელსაც ზედა ჯგუფში მოსახვედრად, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, „კვარტალთან" გადადებული შეხვედრა აქვს (24 ივლისს არის ჩანიშნული) და ამ მომენტისთვის სწორედ, ამ გუნდთან ერთად 25-25 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მე-16 ტურში, „ნორჩი დინამო" 12-0 დაამარცხა. ამ დღეს, თბილისში, ნიუ ვიჟენის სტადიონზე, „ცეცხლი" კლუბის ლეგიონერმა, კესიკა შირზიმ დაანთო, რომელმაც ერთი 11-მეტრიანი თამაშის მიწურულს გააფუჭა, თუმცა, მანამდე 8 გოლი (11', 24', 26', 36', 52', 60', 72', 81' ) გაიტანა. დუბლი შეასრულა იამურ იალვაჩიმ (55', 68'), რომელიც „ელიტას", „ნიკე-ლუსოდან" შეუერთდა. გოლების ათვლა კი, მე-8 წუთზე მარიამ კაპანაძემ დაიწყო. პირველ ტაიმში, 37-ე წუთზე გაიტანა ანა გობრინიძემ.




ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, „ვერემ", „სამეგრელოს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-6 წუთზე ზეჰრა ჰუსეინლის გოლით გახსნეს. თუმცა, 29-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა, ანასტასია ედემსკაიამ ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე ლიზი ნიშნიანიძე, მასპინძლები კვლავ დააწინაურა და ედემსკაიას, კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, ანგარიშის გათანაბრების, თუმცა, 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე კი, ნიშნიანიძემ დუბლი გაიფორმა და როგორც გაირკვა ეს ამ შეხვედრაში ბოლო გოლი აღმოჩნდა.


ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო და ბოლოს წინა, მე-17 ტური, 20 ივლისს გაიმართება.



სტატიაში გამოყენებულია ქსკ "ნიკე-ლუსოსა" და "ლანჩხუთის" ფოტოები