
სეზონებს შორის გარდამავალ მატჩამდე, რომელიც ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს იტალიურ უდინეში გაიმართება და პსჟ, უეფა-ს სუპერ თასის ფინალში, ინგლისურ „ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელიას, გუნდმა დღეს, მსოფლიო საკლუბო თასის ფინალში, „ჩელსისთან" მარცხი განიცადა.
ისე, რა დასამალია და უეფა-ს 2024-2025 წლების ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, როგორც იქნა, ინგლისურმა კლუბმა, მოახერხა ფრანგული გრანდის დამარცხება და ვინ იცის, იქნებ, ამით, ახალი ომის კერის წარმოქმნის საშიშროებაც აღმოფხვრა. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და დღეს, პარიზული კლუბი საკმაოდ გადაქანცული ჩანდა.
გრძელი სეზონის შემდეგ, ფრანგებმა ფინიშის სწორს წაიბორძიკეს და გამარჯვება, სხვას, ამ შემთხვევაში „ჩელსის" დაუთმეს, რომელმაც ყველა დაშვებული და დაუშვებელი წესით, რომელიც რიგ მომენტებში მსაჯმა დააიგნორა, გამარჯვებას მიაღწიეს. ფაქტია, რომ პსჟ-მ, დღევანდელ შეხვედრაში, მხოლოდ ერთ ტაიმში გაუშვა იმდენი გოლი, რამდენის აღმოფხვრასაც ასე, სეზონის ბოლოს ალბათ, ვერც ერთი კლუბი ვერ მოახერხებდა. პალმერის დუბლით (22', 30') და ჟოაო პედრო (43') გოლებით, „ჩელსიმ" საკლუბო ჩემპიონატი პირველ ტაიმშივე მოიგო, დანარჩენი იყო ნერვების თამაში, რომელიც მატჩის ბოლოს, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადავიდა.
რაც შეეხება ჩვენს ბიჭს - ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა.
უბრალოდ, ჩვენი მოსაზრებაა და არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მთლიანობაში, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დღეს ფრანგულ კლუბს უბრალოდ არ უნდოდა მოგება... ზოგადად ტურნირზე, რომელიც უფრო შოუსთვის არის გაკეთებული, ფინალამდე, „ჩელსიმ" უფრო მარტივი გზით მიაღწია ვიდრე პსჟ-მ. ალბათ, ესეთი გადანაწილებაც ბევრ კითხვის ნიშნას აჩენს. დანარჩენს მომავალი გვანახებს.
ფოტო: (c) FIFA.com