საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა წააგო
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა წააგო
13.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თელავის სპორტის სასახლეში დღეს, ევროპის 19-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე იყო. საქართველოს ხელბურთელები, მეორე ტურში, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ სასტარტო შეხვედრა ორივე გუნდს, წაგებული ჰქონდა, დღევანდელ მატჩში, ორივეს გამარჯვება სურდა.


დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ბელგიელებმა ერთი გოლით გვაჯობეს (17-16), მეორეში, უფრო დამაჯერებლად დაიწყეს თამაში და ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ქართველთა ნაკრებმა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (19-19), ტაიმის სტარტზევე. ამის შემდეგ, ჩვენები მეტოქეს ყველაზე ახლოს ოთხ ბურთამდე მიუახლოვდნენ, საბოლოოდ, კი, 9 ბურთით, 34-25 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) მოგვიგეს. ლიზი ქაჯაიმა, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ბოლო გოლი, 55-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ, 6 წუთის მანძილზე, ჩვენებს გოლი აღარ გაუტანიათ... ყველაზე შედეგიანი კი, საქართველოს ნაკრებიდან წინა დღის მსგავსად, თეკლა ძამუნაშვილი იყო, რომელმაც დღეს 7 გოლი გაიტანა და ორი ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში, 15 გატანილი გოლის, მესამე საფეხურზეა.


ბელგიელებთან შეხვედრაში, ქართული გუნდიდან გოლები გაიტანეს - თეკლა ძამუნაშვილი (#13 / 7 გოლი), ლიზი ჯანდიერი (# 21 / 4 გოლი), ლიზი ქაჯაია (#47 / 4 გოლი), გვანცა რურუა (#11 / 3 გოლი), მარიამ ლაფერაძე (#7 / 2 გოლი), დიანამ არაბიძე (#88 / 2 გოლი), ნატალი გაზაშვილი (#3 / 1 გოლი), მარიამ ოდიკაძე (#10 / 1 გოლი) და ანასტასია მაჭანკალაძე (#18 / 1 გოლი).   დღეს ჩვენი გუნდის ორივე მეკარეს 4-4 მოგერიება („სეივი") ჰქონდა.  საუკეთესოდ ქართული გუნდიდან კი, დღეს, გვანცა რურუა მიიჩნიეს.


აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 14 ივლისს ტურნირზე შესვენებაა. 15 ივლისს კი, მესამე ტურში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები  დიდ ბრიტანეს დაუპირისპირდება.


დღევანდელი დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

დიდი ბრიტანეთი - სლოვაკეთი 14-38

კოსოვო - უკრაინა 18-27

ისრაელი - ბულგარეთი 39-32

იტალია - ლუქსემბურგი 28-21