ქართულმა კლუბებმა თამაშები „დაატრიალეს“ , თუმცა წინ საპასუხო მატჩებია...
ქართულმა კლუბებმა თამაშები „დაატრიალეს“ , თუმცა წინ საპასუხო მატჩებია...
10.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, უეფა-ს კონფერენს ლიგამ აიღო სტარტი, რომელშიც სამი ქართული კლუბი, გორის „დილა", ქუთაისის „ტორპედო" და თბილისის „სპაერი" მონაწილებენ. თავშივე ვთქვათ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, რომელიც 2024 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ასე აღმოჩნდა ევროტურნირზე, გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. დღეს კი, „ტორპედომ" და „დილამ", ნახევარსაათიანი შუალედებით, სასტარტო შეხვედრები მოიგეს.


ქუთაისის „ტორპედო"


იმერულმა კლუბმა, სასტარტო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო, იმერეთის მთავარი სტადიონზე არ იყო იმ რაოდენობის გულშემატკივარი მისული, რამდენსაც რაღა მოგატყუოთ და პირადად მე ველოდი და რომელიც ძალიან გაალამაზებდა თამაშს, რომელშიც „ტორპედომ" ყაზახური „ორდაბასი" 4-3 დაამარცხა. უხვგოლიან შეხვედრაში, ანგარიში ტორპედოელებმა გახსნეს. 30-ე წუთზე გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა, თუმცა, სტუმრებმა მალევე მოახერხეს გათანაბრება 32-ე წუთზე, მიჰაი ჩაპატინამ ანგარიში გაათანაბრა, 35-ე წუთზე კი, „ორდაბასი" კლუბის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა იმნაძემ დააწინაურა. ქუთაისელებმა, პირველი ტაიმისთვის დამატებული დროის მეორე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, გოლი ტორპედოელთა სერბმა ლეგიონერმა მატეი სიმიჩმა გაიტანა.


ზოგადად უნდა ითქვას, რომ „ტორპედომ" განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბევრი იმუშავა. ალბათ, აქ, განსაკუთრებით შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების წვლილსაც გამოვყოფდით, თუმცა, გოლები „სასტარტოს" ფეხბურთელებმა გაიტანეს... მანამდე კი,  69-ე წუთზე სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ, თუმცა, საადათ ტურსინბაის გატანილი გოლის შემდეგ, დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა, 9 წუთში კვლავ მოახერხა გათანაბრება. 78-ე წუთზე დუბლი იონსენმა შეასრულა. მსაჯის მიერ, ამჯერად, მეორე ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, კვლავ სერბმა გაიბრწყინა და  90'+4 წუთზე, მანაც დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, „ტორპედომ", საპასუხო მატჩის წინ მოახერხა გამარჯვება, თუმცა, წინ, თანაც სტუმრად, მთელი თამაშია.


„დუბლი, გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე... ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს: გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთ-თრიკი, ვნახოთ", - ამბობს მატეი სიმიჩი, მატჩის დასრულების შემდეგ.


გორის „დილა"


ლუქსემბურგში, Stade Achille Hammerel-ზე გორის „დილა" ადგილობრივ „რასინგ უნიონს" დაუპირისპირდა და ერთბურთიანი სხვაობით, 1-2 გაიმარჯვა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დომინიკ შტოლცმა 52-ე წუთზე გახსნა. გორელებმა სტატუს-კვოს აღდგენა 8 წუთში მოახერხეს. მე-60 წუთზე ალექსანდერ ანდრონიკაშვილმა გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი, ქართულ კლუბის სასარგებლოდ, გამარჯვების გოლი, შეცვლაზე შემოსულმა ლეგიონერმა  სირილ 20ედუძიმ გაიტანა.


„რთული თამაში იყო, რადგან ეს იყო სასტარტო შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის კონფერენს ლიგაზე. ბუნებრივია, შედეგი რითაც ეს შეხვედრა დამთავრდა ჩვენთვის კარგია, მაგრამ უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გავანიავეთ, მაგრამ მე მომავლის იმედი მაქვს და საშინაო თამაშში, დღეს დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. ბიჭებთან მიმართებაში პოზიტიური განწყობა მაქვს, რადგან მიღებული გოლის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1-0 იყო, მეორე გუნდის სასარგებლო, რთულად დასაძლევი იყო, მაგრამ რაც მათ ამის შემდეგ გააკეთეს იყო შესანიშნავი. მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო და დაველოდო მომდევნო თამაშს",  - ამბობს დიეგო ლონგო, გორის „დილას" მთავარი მწვრთნელი, „რასინგთან" დასრულებული შეხვედრის შემდეგ.



ქართული გუნდები საპასუხო შეხვედრებს 17 ივლისს გამართავენ. გორელები, სახლში, „თენგიზ ბურჯანაძეზე" მიიღებენ „რასინგ უნიონს" და ეს შეხვედრა, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს აიღებს სტარტს საპასუხო შეხვედრაც შიმკენტში, სადაც ქუთაისელები, დღეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.



სტატიაში გამოყენებულია ქუთაისის „ტორპედოსა" და გორის „დილას" ფოტოები