ბათუმის „დინამო“ კლუბში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს
ბათუმის „დინამო“ კლუბში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს
10.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმის „დინამომ" დღეს, სოციალურ ქსელში კლუბის მიმართ, მათივე ქომაგების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით (იხილეთ ბმული) ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა:


„ძვირფასო გულშემატკივარო, საზოგადოებაში ჩვენი კლუბის მიმართ არსებული  დიდი ინტერესის გათვალისწინებით - ვაქვეყნებთ განცხადებას:


ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს  ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს შევძელით არაერთი ვალდებულების გასტუმრება. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება - არ შეესაბამება სიმართლეს.


კლუბში შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და მზადება მომდევნო მატჩებისთვის.


მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა. ჩვენი კლუბი სხვა ევროპული კლუბების მსგავსად გადის ,,უეფას" ფინანსურ მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა.


დინამო ბათუმი ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას გულშემატკივარი ჩააყენოს საქმის კურსში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგის მიმდინარე სეზონში, სადაც ამჟამად, ევროტურნირებთან დაკავშირებით მცირე ტაიმ-აუტია, 18 ტურის შემდეგ, 30 ქულით ბათუმელები მესამე ადგილზე არიან. უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას კი, აჭარული კლუბი, 20 ივლისს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ეგიდით, „გაგრა 2"-ის წინააღმდეგ გამართავს.