„ტორპედოს“ ევროტუნირის სტარტზე კაპიტნის სამკლაურით გამოცდილი, თუმცა, კლუბის ახალი სახე გამოუძღვება
„ტორპედოს“ ევროტუნირის სტარტზე კაპიტნის სამკლაურით გამოცდილი, თუმცა, კლუბის ახალი სახე გამოუძღვება
09.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის „ტორპედოში" მისული ლადო მამუჩაშვილი უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრისას, ყაზახეთის „ორდაბასის" წინააღმდეგ, იმერეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვება. ამის თაობაზე, კლუბმა, დღეს, რამდენიმე საათის წინ, სოციალური ქსელით დაანონსა, შემდეგ კი, თავად მამუჩაშვილმაც გააკეთა მცირე განცხადება მედიასთან შეხვედრისას, რომელიც ხვალინდელი მატჩის ერთ-ერთი პროტოკოლით გათვალისწინებული აუცილებლობაა.


„ვფიქრობ, გუნდი მზად არის. ბოლომდე არაა გამართული, მაგრამ ჩვენს თამაშთან ახლოს ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს. ცოტა დრო გვჭირდება. თუმცა, საკუთრ კედლებში ვთამაშობთ, ყველა ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ „ტორპედოს" მაისურს ატარებს და ვეცდებით, ხვალინდელ თამაშში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. რაც შეეხება, ჩემს გუნდში მოსვლას და კაპიტნობას, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი გუნდის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. მადლობა მინდა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კაპიტნად არჩევაში, ეს არის დიდ პატივი და პასუხისმგებლობა", - ამბობს მამუჩაშვილი.


ამავე შეხვედრაზე, ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ილაპარაკა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. დირკ შუსტერი თავისი გუნდის სიძლიერეში დარწმუნებულია. ქუთაისის „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის გეგმა, საპასუხო მატჩს წინ უპირატესობის შექმნაა.


„გუნდის მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. როგორც შემტევ, ისე დაცვით ნაწილში გუნდმა მოუმატა და შეგვიძლია საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შევიქმნათ. ამისთვის ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც დაგვჭირდება. ახალმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს. დღეს სასტარტო თერთმეტეულზე ვერ გესაუბრებით, მისი შედგენა მარტივი არ არის, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, სიურპრიზები იქნება", - ამბობს დირკ შუსტერი.


დღესვე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს და მედიას შეხვდნენ „ორდაბასის" წარმომადგენლებიც. ყაზახური კლუბი, რომელსაც ზამთარში გარკვეული პრობლემები ჰქონდა,


„ჩვენ ახლა საშეჯიბრო პერიოდში ვართ. იმის თქმა მინდა, რომ ჩემპიონატს ვთამაშობთ. ბიჭებმა შაბათს ითამაშეს, ახლა, 5 დღეში კიდევ თამაში გვაქვს „ტორპედოს" წინააღმდეგ. ბიჭები კარგ განწყობაზე და ფიზიკურად მომზადებულები არიან. ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ისინი, საუკეთესო თამაშს აჩვენებენ", - ამბობს ანდრეი მარტინი, „ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი.


შეგახსენებთ, რომ ხვალ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი, „ტორპედოსა" და „ორდაბასს" შორის, თბილისის დროით, 20:00 დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრას, ბელარუსი მსაჯები ანტონ ლაშუკი, დიანის ემელიანჩიკაი, ანტონ პალუიანაუ მოემსახურებიან, რომლებსაც ამინე კოურგელი დაეხმარება.

 

ფოტო: სკ "ტორპედო"