ქართული კლუბებიდან „იბერია 1999“ ევროტურნირებზე პირველი ჩაერთვება
ქართული კლუბებიდან „იბერია 1999“ ევროტურნირებზე პირველი ჩაერთვება
07.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში „იბერია 1999", პირველ შეხვედრას გამართავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის გათამაშებაში. ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩში, „მალმეს" დაუპირისპირდება. ტრადიციულად მატჩის წინა დღეს, მასპინძელ სტადიონზე გუნების წარმომადგენელების შეხვედრები გაიმართა მედიასთან, რის შემდეგაც მსუბუქად ივარჯიშეს, ჯერ ქართულმა გუნდმა, შედეგ კი, შვედებმა სტადიონზე მისული აკრედიტებული მედიის კითხვებს უპასუხეს.


ქართველთაგან პრეს-კონფერენციას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე და 21-წლამდე ნაკრებისა და „იბერია 1999"-ის აღზრდილი გიზი მამაგეიშვილი ესწრებოდნენ.  „მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ვიყავით, შეკრება იქ გავიარეთ და ჩემი ფეხბურთელები მზად არიან, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. შინ თამაშის უპირატესობა გვაქვს, გულშემატკივრები იქნებიან და ამის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ეს მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა იქნება", - ამბობს ლევან კორღალიძე, რომლის გუნდმაც უშუალოდ ევროტურნირების წინ საქართველოს სლავა მეტრეველის სუპერ თასზე მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, ოთხ გუნდს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ალბათ, დადებითი რაც ხვალინდელ მატჩში გუნდში არის, ის ფაქტია, რომ თბილისელთა შორის ითამაშებს ივა გელაშვილი, რომლის გუნდიდან წასვლაზეც ბევრი დაიწერა.


„მთლიანად, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვარ კონცენტრირებული. გუნდთან ერთად მოსამზადებელი შეკრება არ გამივლია, თუმცა ყველანაირად მზად ვარ. ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. იმედია მაქვს, ხვალ გულშემატკივარი მოვა და გვერდში დაგვიდგება", - ამბობს გიზი მამაგეიშვილი.


„მალმეს" მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრიომი, რომელიც მედიასთან შეხვედრაზე შვედური გუნდის ვარჯიშის დაწყებამდე გამოვიდა მიხეილ მესხის დარბაზში, აღნიშნა რომ ევროტურნირზე მოასპარეზე ერთ-ერთ გამოცდილ გუნდთან აქვს საქმე. ამას გარდა, სტუმარი გუნდის მწვრთნელმა ივარაუდა, რომ ქართველებს კარგი თამაშის და შედეგის დაფიქსირება, განსაკუთრებით საშინაო კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ექნებათო.


„იბერია" თავისი ქვეყნის ლიგაში საუკეთესოა და გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე ხალხს ჰგონია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მათ ევროპაში თამაშის გამოცდილებაც აქვთ, ჯგუფურ ეტაპზე არ გასულან, მაგრამ რადგან ხშირად იგებენ საქართველოში ტიტულებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ. უმეტეს შემთხვევაში საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობდნენ, თუ აგებდნენ, მხოლოდ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით. სტუმრად უფრო უჭირთ. ველოდებით, რომ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და სტაბილურები ვიქნებით", - ამბობს რიდსტრიომი.


სტუმართა გუნდი, რომელიც კვირიდან თბილისშია და აკლიმატიზაციისთვისაც საკმარისი დრო ჰქონდა, ხვალინდელ შეხვედრაში ბურთის „დაჭერას" გეგმავს, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში შეეცდება თბილისელებს, რომლებიც კონტრშეტევებზე კარგები არიანო, პოზიციურად გაუმკლავდეს. პონტუს იანსონის კი, სავარაუდოდ ის ფეხბურთელი იქნება, ვის გარშემოც სტუმართა გუნდი დაირაზმება.


შეგახსენებთ, რომ მიხელ მესხზე, „იბერია 1999"-სა და „მალმეს" შორის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.



სკ „იბერია 1999"-ის ფოტო