
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, სომხეთში მიემგზავრება, სადაც 11-დან 20 ივლისის ჩათვლით ქალაქი ერევანი B დივიზიონს უმასპინძლებს. ტურნირზე გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მოსამზადებელი მატჩი თბილისში გამართა. კოტე ტუღუშის, ბუბა ბერიშვილისა და ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიას უმასპინძლა, რომელიც ასევე ასევე სომხეთში, B დივიზიონში იასპარეზებს.
მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ჩვენი ნაკრები ლატვიას მეორედ შეხვდა. პირველად ეს 2 კვირის წინ, რიგაში მოხდა, სადაც ოთხთა ტურნირი გაიმართა. მაშინ ლატვიამ დამაჯერებლად იმარჯვა და ასე მოხდა დღესაც. განსხვავება ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ამჯერად უკეთესი შანსი ჰქონდა, რადგან ბოლო პერიოდამდე თამაშში იყო. ლატვია თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ბალტიელთა ლიდერობა 10 ქულას იშვიათად სცდებოდა. იყო ეპიზოდები, რამდენჯერმე სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა თავისი გაიტანა.
ლატვიელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი - მხოლოდ 2. საჯარიმოს ხაზიდან ქართველებმა 50 (!) სროლა შეასრულეს, საიდანაც მხოლოდ 28 გამოიყენეს. სტუმრებს ჰქონდათ უპირატესობა ორქულიანებში და საბოლოოდ მათი 22-ქულიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა, 86-64. ბოლო პერიოდში სხვაობა 10 ქულის ფარგლებში იყო, თუმცა ბოლო წუთებზე ბალტიელთა შედეგიანობამ საქართველოს შანსები გადაუწურა.
ჩვენს ნაკრებში 16 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე. 12 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 11 ქულა და 6 პასი დაგროვდა.