„ნიკე-ლუსო“ სატურნირო ცხრილში ხუთი ქულით დაწინაურდა
„ნიკე-ლუსო“ სატურნირო ცხრილში ხუთი ქულით დაწინაურდა
07.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის მე-15 ტურის ერთ-ერთი შეხვედრის და რაღა დაგიმალოთ და ცენტრალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრის წარმომადგენლები, სტუმართა გუნდის სამწვრთნელო შტაბთან მივიდნენ და თამაშისთვის, სანახაობისთვის და ღირსეული მეტოქეობისთვის მადლობა გადაუხადეს. გულშემატკივარი კი, ამ დღეს, ამ კონკრეტულ თამაშზე არც ერთ გუნდს არ აკლდა. ისე, არ იქნებოდა ურიგო, თუკი, გულშემატკივრობის ანა-ბანას და არ მინდა, რომელიმე კლუბის ქომაგს ვაწყენინო, სწორედ, „ნიკე-ლუსოს" ქომაგებისგან ისწავლის. არის, რაღაც, რაც საკლუბო დონეზე, ნაღდად სასწავლი გვაქვს. მანამდე კი, „ლირიკას" გვერდით გადავდებ და უშუალოდ, ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ დღეს დავუბრუნდები, რომელიც დღეს, 6 ივლისს გაიმართა.


საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, თბილისის „ნიკე-ლუსო" სატურნირო ცხრილში ხუთი ქულით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოთხი გუნდი, მედლებისთვის ბრძოლას ზედა ჯგუფში გააგრძელებს, ქვედა ექვსეული კი, ძლიერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, ყოველ ტურში აღებულ ქულას, მითუმეტეს უშუალო კონკურენტთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეგახსენებთ, რომ გათამაშების მეორე ეტაპზე, ზედა და ქვედა ჯგუფებში გუნდებს, მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის დროს, ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული ქულები გადაჰყვებათ.


სწორედ, აქედან გამომდინარე, ქალთა ლიგის, დღევანდელ, მე-15 ტურში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გამართულ დაპირისპირებას, რომელშიც მიმდინარე გათამაშების ლიდერი, „ნიკე-ლუსო", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" მასპინძლობდა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტურის ცენტრალური შეხვედრაც, რომელიც პირდაპირ რეჟიმში, სფფ-ის YouTube-არხითაც გადაიცემოდა (იხილეთ ბმული), ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც გულშემატკივარი მოელოდა - დაძაბული, საინტერესო, ბევრი გოლით და ორივე გუნდის ქომაგების „შეჯიბრით" ტრიბუნებზე, რომელიც სავსე იყო. თავიდანვე ვიტყვი, რომ ორივე გუნდიდან დუბლი გამოცდილმა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა შეასრულეს, მასპინძელთაგან თეონა ბაქრაძემ, რომელსაც ამ ტურის შემდეგ 25 გატანილი გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში, ჯერ-ჯერობით უპირობო ლიდერია და სტუმართაგან, ტატა მატვეევამ. ანგარიში კი, „ნიკე-ლუსომ" გახსნა მე-10 წუთზე, უძლიერესი და შორეული დარტყმით. ამის შემდეგ, თამაშმა ცენტრში გადაინაცვლა და თანაბრად წარიმართა, თუმცა, რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე, მხოლოდ, 26-ე წუთზე მივიდა, როდესაც ბაქრაძემ, კარგად ისარგებლა სტუმართა გუნდის დაცვის ხაზის შეცდომით და უკვე ნაკრებში თანაგუნდელ თათია გაბუნიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა, მორიგ ჯერზე გაისროლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს „ლანჩხუთმა" ერთი ბურთი გაქვითა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მატვეევამ, ნაკრებში თანაგუნდელ მეკარეს სვეტლანა გაბელაიას შორი მანძილიდან პირდაპირ კარში ჩაუხვია. შესვენებაზე გუნდები ერთბურთიანი სხვაობით, 2-1 გავიდნენ. თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ორივე გუნდი ცდილობდა და ეძებდა შანებს. ერთ-ერთი ასეთი 78-ე წუთზე მასპინძლების სასარგებლოდ დაფიქსირდა, კერძოდ ბაქრაძემ, მარიამ კალანდაძესთან და თათია გაბუნიასთან ბურთისთვის ბრძოლაში 11-მეტრიანი გამოიმუშავა, 79-ე წუთზე კი, ის გოლში ტაისა ასუნსაომ გარდასახა. მასპინძლები, კვლავ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა, 87-ე წუთზე ამ შეხვედრაში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად 11-მეტრიანი, რომელიც ლანჩხუთელთა შორის შეცვლაზე შემოსული ანასტასია ბოლქვაძესთან უხეში თამაშის გამო დაინიშნა, გოლად კვლავ, მატვეევამ გარდასახა. შეხვედრა საბოლოოდ, „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. სხვათა შორის, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ამ შეხვედრაში  რამდენიმე წუთი სათამაშო დრო მიეცა, თამარ ტატუაშვილსაც, რომელიც ამ სეზონში, „ნიკე-ლუსოს" ღირსებას იცავს.  აქვე გეტყვით, რომ „ლანჩხუთს" მეორე ტაიმში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა, კლუბის ამერიკელი ლეგიონერი ჰანა რასელი მოედნიდან კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ კი, კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საბედნიეროდ, ჰანას ტრავმა არაა სერიოზული და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ, ამერიკელი ლეგიონერი კვლავ გურულების გვერდით იქნება. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთს" ერთ თვეში, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე უწევს ასპარეზობა.


არანაკლებ დაძაბული გამოდგა შეხვედრა ბათუმში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ადგილობრივმა „ბათუმმა" თბილისის „ელიტას" უმასპინძლა. ამ გუნდებიდან ორივეს, რეალურად ზედა ოთხეულში მოხვედრისა და შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. 14 ტურის შემდეგ, ბათუმელებს, რომლებსაც ერთი თამაშიც მეტი ჰქონდათ ჩატარებული სტუმართა გუნდზე, ცხრილშიც მცირედ უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, ამ დღეს, გოლები მათ კარში გავიდა - 62-ე წუთზე, მასპინძელთა გუნდის დაცვაში დაშვებულ მცირე დაყოვნებას, სტუმართაგან ჟიზელ ლასერდას გოლი მოჰყვა. შეხვედრის 90-ე წუთზე, ფლანგიდან იაქტიურა ჯესიკა შირზიმ, რომელმაც მოწინააღმდეგე, მისსავე საჯარიმოში მოატყუა და შემდეგ, ერთი-ერთზე დარჩენილს აღარ გასჭირვებია, მეკარის მოტყუება. „ელიტამ" მნიშვნელოვანი შეხვედრა, პრინციპულ კონკურენტთან 0-2 მოიგო. ამ მატჩის ვიდეო რეპორტაჟი ბათუმური კლუბის YouTube-არხზე გადაიცემოდა.


თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამოსა" და „კვარტალის" დაპირისპირებაში შვიდი გოლი გავიდა. აქედან ექვსი (20', 37(პ), 45', 46', 61(პ) 80'), ერთმა ფეხბურთელმა, ნინი ბერიძემ გაიტანა თბილისის „კვარტალიდან" კიდევ ერთი გოლი, შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე ლიზი კანკიამ გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, „კვარტალმა", რომელმაც 0-7 მოიგო, 25 ქულა დააგროვა, ერთი გადადებული შეხვედრა აქვს უშუალო კონკურენტთან თბილისის „ელიტასთან" და ჯერ-ჯერობით მესამე ადგილზეა.


ჩხოროწყუში, ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი „სამეგრელოსა" და „რაჭა 2020"-ის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 0-3 დასრულდა. რაჭველებმა, პირველ ტაიმშივე გააკეთეს „საქმე", კესო მეტონიძის ჰეთ-თრიქით (17', 23', 28') და მეორე ტაიმში, ამ ანგარიშის შენარჩუნებაც მშვიდად მოახერხეს. რაჭველთა კლუბის გოლეადორს, 15 ტურის შემდეგ, 11 გატანილი გოლი დაუგროვდა.


ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ადგილობრივმა „მართვემ" თბილისურ „ვერეს" უმასპინძლა. ანგარიში, სტუმრებმა პირველივე წუთზე ანა კულდონაშვილის გოლით გახსნეს. მასპინძლებმა კი, მხოლოდ მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, გოლი ამჯერადაც ანა ჯანელიძემ გაიტანა.


სხვათა შორის, ამ ტურში, ქალთა ლიგაში უკვე გამართული 15 ტურიდან, ყველაზე ცოტა, 19 გოლი გავიდა. რაც შეეხება მე-16 ტურს, ის, 13 ივლისს არის ჩანიშნული.


ფოტო: სფფ-ის / რეზი არზიანი